მთავარი » ახალი ამბები » უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ე.წ. ვაქცინაციის  პასპორტის შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია პანდემიით გამოწვეული ვარდნიდან გამოიყვანონ. თემას Bloomberg-ი აშუქებს.

იტალიის ტურიზმის მინისტრის მასიმო გარავალიას განცხადებით, 20-ეულის ჯგუფის ტურიზმის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ახალი სერთიფიკატების შექმნას და განაცხადეს, რომ ამ სექტორის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას გადამწყვეტი  მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისთვის.

სამშაბათს შემდგარ ვირტუალურ შეხვედრას სწორედ იტალია ხელმძღვანელობდა. ფორუმზე გაჟღერდა ინიციატივები, მათ შორის ევრკავშირის ციფრული მწვანე სერტიფიკატის შემოღების შესახებ.

ამ დოკუმენტში მითითებული იქნება, რომ მისი მესაკუთრე სრულადაა ვაქცინირებული, აქვს იმუნიტეტი გამოჯანმრთელების შემდეგ ან ახლახანს კოვიდ-ტესტზე უარყოფითი  პასუხი მიიღო.

გარავალიამ განაცხადა, რომ ევროკომისრისგან მოითხოვა, მაქსიმალურად დააჩქაროს ევროკავშირის მწვანე სერთიფიკატის შემოღება.

„ტურიზმი იქნება გაჯანსაღების გასაღები მას შემდეგ, რაც პანდემია დამარცხდება,“ – განაცხადა მან.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ტურიზმი იყო ერთერთი იმ სფეროთაგანი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, პანდემიამ ამ სფეროში 62 მილიონი  სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია. უცხოელი ტურისტების ხარჯები უპრეცედენტოდ, 69%-ით დაეცა.

„ჩვენი მთები, ჩვენი პლაჟები, ქალაქები ისევ იხსნება, ეჭვი არ მეპარება, რომ იტალიაში ტურიზმი ისეთივე ძლიერი გახდება, როგორც ადრე იყო,“ – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.

გამოქვეყნებული წინადადების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოგზაურებისთვის საზღვრებს იმ ქვეყნებთან გახსნიან, სადაც ინფიცირების შედარებით დაბალი მაჩვენებელია. საზღვრები გაიხსნება იმ ადამიანებისთვისაც,  ვინც სრულადაა ვაქცინირებული Covid-19-ის წინააღმდეგ. ინიციატივა ძალაში შესაძლოა უკვე მაისის ბოლოს შევიდეს.

იხილეთ ასევე

რა ვიცით კორონავირუსის ინდურ შტამზე

რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამზე, რომლის პირველი შემთხვევების დადასტურების შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა …