მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » უახლოეს მომავალში ქვეყანას ინსულტის მართვის დეტალური პროტოკოლი ექნება

უახლოეს მომავალში ქვეყანას ინსულტის მართვის დეტალური პროტოკოლი ექნება

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ინსულტის მართვის „საგზაო გეგმაზე“ მუშაობს. ამის შესახებ  ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ განაცხადა, რომელიც თავადაც შედის აღნიშნულ ჯგუფში.

ცისკარიძის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი იქნება, როგორ უნდა ხდებოდეს ინსულტის მართვა, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ ტექნოლოგიები, არამედ ინსულტის განვითარების მთელი გზა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე, ასევე რეაბილიტაცია. კერძოდ, როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტი დროულად, რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს ადამიანმა, ასევე ის, თუ რომელი პაციენტი რომელ კლინიკაში უნდა გადაიყვანოს სასწრაფომ და ა.შ. ცისკარიძის განმარტებით, კლინიკას, სადაც ასეთი პაციენტის გადამისამართება მოხდება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნოლოგიები და ასევე ჰყავდეს ინტელექტუალური რესურსი: ექთნები, პარასამედიცინო პერსონალი, ოკუპაციური და ფიზიოთერაპევტები, რეანიმატოლოგები და ა.შ.

ალექსანდრე ცისკარიძე ასევე აცხადებს, რომ ინსულტების 40%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან უკავშირდება ისეთ რისკფაქტორებს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, თამბაქოს მოხმარება, ქოლესტერინის მაღალი დონე, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი.

„ამ რისკფაქტორების თავიდან აცილებით შეგვიძლია შევამციროთ ინსულტის განვითარების რისკი. თანაც, ეს გაცილებით იაფია,  თუმცა ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე მწვავე ინსულტის მკურნალობა,“ – განაცხადა ცისკარიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მეორადი პრევენცია, რაც ინსულტგადატანილ პაციენტებს ეხება, ამ შემთხვევაში რისკფაქტორების გამორიცხვასთან ერთად სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო.

ალექსანდრე ცისკარიძე ამბობს, რომ საქართველოს ყავს მაღალი დონის სპეციალისტები და აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, ჩატარდეს ძალიან რთული ჩარევები, მათ შორის თრომბოქტომია.

მედიკოსი ასევე საუბრობს ახალგაზრდებში ინსულტის განვითარების მაღალ რისკზე.

„ჩემს პრაქტიკაში არიან პაციენტები, რომლებსაც, მიუხედავად ასაკისა, აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, თამბაქოს ჭარბი მოხმარება. შესაძლოა იყოს სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც – მაგალითად გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასევე მნიშვნელოვანია, იქ, სადაც ინსულტის განვითარების ოჯახური ისტორია არსებობს, ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ რისკფაქტორებსა და ინსულტის ნიშნებს,“ – განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …