მთავარი » კვირის ინტერვიუ » უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ გარკვეულ პრეპარატებზე ფასები დაიწევს
ეს პირობა ძალაშია და უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ გარკვეულ პრეპარატებზე ფასები დაიწევს. თუმცა ზედმეტი კონკრეტიკისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ.

უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ გარკვეულ პრეპარატებზე ფასები დაიწევს

მედიკამენტების ფასები, ხარისხი და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები – გადაცემაში „სოციალური პოლიტიკა” გადაცემის წამყვანი ვახო სანაია და მისი სტუმარი, ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძელაძე საუბრობენ. წამყვანის შეკითხვებს პასუხობენ გიგი წერეთელი, მანანა ნაჭყებია, კახა ოქრიაშვილი, დავით კილაძე და დიმიტრი ხუნდაძე.

– ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასებია. რომელ ფასებს შეგვიძლია შევადაროთ, როდესაც ვამბობთ, რომ მედიკამენტების ფასები ჩვენს ქვეყანაში მაღალია? 

თინა ტურძელაძე: ეს თემა მუდმივი დავის საგანია ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ფასის სამომხმარებლო ინდექსი საქართველოში ნამდვილად მაღალია. ფასის ცვლის ტენდენცია სანდო კვლევებით გამოვლინდა. პირველად, 3 რაუნდიანი კვლევა 2009 წელს ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ფასნამატის მარჟები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. უნგრეთში, იტალიაში ფასნამატის მარჟა საშუალოდ 23-დან 40%-მდე იყო, საქართველოში ასეთი საშუალო ფასნამატის მარჟა 102% აღმოჩნდა.

ასე რომ, როდესაც განვიხილავთ ძვირია თუ იაფი, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენად დიდი მარჟაა დამატებული წამალზე. რადგანაც ეს მუდმივი დავის საგანი იყო, 2009 წელს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და შემოვიდა ახალი დაშვება რეგულაციაში – პარალელური იმპორტი. პარალელური იმპორტი ნიშნავს, რომ შესაძლებელია იაფი ბაზრიდან წამალი უფრო ძვირ ბაზარზე სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ნებართვის გარეშე შემოვიდეს.

ანუ თუ აქამდე მხოლოდ მწარმოებლის ნებართვა იყო საჭირო ქვეყანაში წამლის შემოსატანად, ახალი დაშვების შემდეგ, იმ ქვეყნებში, სადაც ეს წამალი უფრო იაფად იყიდებოდა, შესაძლებელი იყო ჩვნს იმპორტიორებს ექსპორტი განეხორციელებინათ ჩვენს ქვეყანაში. ამის გავლენის შესასწავლად ეს კვლევა გაგრძელდა 2011 წლამდე და ჩვენ ვნახეთ ტენდენცია, რომ ფასმა კლება დაიწყო. ცხადია, ეს არ იყო მასშტაბური კლება, მაგრამ ორიგინალური პრეპარატების 27%-ზე მოხდა ფასის კლება, დაახლოებით, 56%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის რესურსი არსებობდა და ფასის დაკლება შესაძლებელი იყო.

– ყოფით ცხოვრებაში გავრცელებული ფრაზა, რომ საქართველოში წამალი ძვირია, არსებითად სწორი ფრაზაა? 

თინა ტურძელაძე: წამალი იაფი არასოდეს იქნება. წამალი ისე ვერასოდეს გაიაფდება, რომ მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს. პრობლემა ძალიან სენსიტიურია. ქვეყანა უნდა ზრუნდავდეს, არა იმაზე, რომ წამლის ფასი დასწიოს, არამედ უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა. ჯერ არ არსებობს პრაქტიკა, რომ ვინმემ ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფასის დაწევით უზრუნველეყო. ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთადერთი სწორი გზა წამლის ფასის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებაა.

ყველა ქვეყანამ, რომელმაც წამლის ხელმისაწვდომობა უზრუნველყო, უზრუნველყო მხოლოდ სუბსიდირებით. ეს შეიძლება იყოს კერძო სადაზღვევო კომპანია, რომელიც ფარავს გარკვეულ თანხას, ან ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

– სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ალბათ თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს? 

თინა ტურძელაძე: არა, თუ ქვეყანას სუბსიდირების რესურსი აქვს და თუ სუბსიდირება სწორად არის გაკეთებული, მაშინ ამას უარყოფითი მხარე არ აქვს, წამალთან დაკავშირებით. აქ პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფომ ზუსტად ის ხარჯეფექტური წამლები უნდა დააფინანსოს, რომლის დაფინანსებაც არამიზნობრივი არ იქნება. თვითონ წამალი რამდენიმე კატეგორიად იყოფა. არის წამალი, რომელიც ძალიან გამოცდილი და ხარისხიანია და ძალიან ძვირი ღირს. ასეთი წამლების ხელმისაწვდომობა ჩვენთან არც რიგით მოქალაქეებს არ აქვთ და არც სახელმწიფოს.

– შეგვიძლია ზოგადი კრიტერიუმები ვთქვათ, რის მიხედვითაც წამლის ფასი ყალიბდება ბაზარზე? 

თინა ტურძელაძე: ფასის სტრუქტურა ძალიან რთულია, მაგრამ შეგვიძლია ძალიან სქემატურად ვთქვათ. ფასის სტრუქტურის ზუსტი განსაზღვრა ინდუსტრიული ქვეყნების მარეგულირებლებსაც უჭირთ. სქემატურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის წამლის საწარმოო ფასი, ანუ თვითღირებულება, შემდეგ კი, ეს არის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის ეტაპზე გაჩენილი გარკვეული საოპერაციო ხარჯები. ამას დამატებული მოსაკრებლები, რომლებიც ქვეყანას აქვს და მოგების გადასახადი.

– თქვენ ახლა კლასიკური სქემა ჩამოაყალიბეთ, მაგრამ საქართველოში ხშირად საუბრობენ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიებს შორის გარკვეული შეთანხმებები არსებობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ფასთან მიმართებით კარტელურ შეთანხმებაზე ვსაუბრობ. 

თინა ტურძელაძე: ეს ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით არაფერს ცვლის. უბრალოდ ეს მოგების მარჟაში ჩადებული ინტერესია. ბაზარზე არსებულ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ირიბი მტკიცებულებებით, იმიტომ რომ პირდაპირი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს. ფაქტი ის არის, რომ ბაზარზე მაღალი ფასი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკურენცია ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, ვინაიდან ასეთი მაღალი მარჟები შენარჩუნებული არ უნდა იყოს.

– ხელისუფლებამ ზაფხულში განაცხადა, რომ შემოდგომიდან წამლის გაიაფება დაიწყებოდა. შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ჯერ ადრე შემოდგომაა და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. როგორ ფიქრობთ, არსებობს იმის რესურსი, რომ ბაზარზე ძირითადი მედიკამენტები გაიაფდება? 

„ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია: მოდით, თავიდან ვთქვათ, რამდენად საჭიროა მედიკამენტების გაიაფება. ქვეყანაში ჯანდაცვის პრობლემის მოგვარება სადაზღვევო სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს. ადამიანებს უნდა ჰქონდეს საშუალება, თავიანთი შემოსავლების მიხედვით აინაზღაურონ თავიანთ ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯები. რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს მონაწილეობაც აუცილებელია, რადგან ჯანმრთელობის დაცვა საკმაოდ ძვირია. მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლებამ ეს მიმართულება აიღო, ვფიქრობ, წამლის სუბსიდირებაზე საუბარი სრულიად ლოგიკურია. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი: იმ გამოცდილებიდან, რაც ჩვენ გვაქვს, გაიაფებაზე საუბარი ძალიან ძნელია. მსოფლიოში ჯანდაცვის სერვისების და მედიკამენტების გაიაფების ტენდენცია არ არსებობს, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში, მაშინ როდესაც სახელმწიფო მკვეთრად არ არეგულირებს და არ აწესებს ფასების ზედა ზღვარს, როდესაც არ მუშაობს კონკურენციის სააგენტო და არანაირი სანქციები არ არსებობს, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საშუალებას, რომ ფასები შემცირდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ლარის კურსს. 

– ხშირად საუბრობენ კარტელურ გარიგებებზე, მონოპოლიაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? 

გიგი წერეთელი: კარტელურ გარიგებაზე ადრეც საუბრობდნენ და დღესაც. რა თქმა უნდა, იმის დაშვება, რომ ასეთი გარიგებები არსებობს ძალიან რეალურია. ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელს მივიღეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონი და დავუშვით პარალელური იმპორტი, გაიოლდა ხარისხიანი მედიკამენტების რეგისტრაცია ევროპიდან და ასე შემდეგ, რამაც გარკვეულწილად შეასუსტა ოლიგოპოლიური და მონოპოლიური მდგომარეობა და გაჩნდა საშუალება, რომ ექსკლუზივების გარეშე შემოეტანათ პრეპარატები, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამან ძალიან მკვეთრად შეცვალა ვითარება.

ფასები ჩემი აზრით, ვერ შემცირდება. მაშინ უნდა მოხდეს სუბსიდირება, წამლების შესყიდვა და მოსახლეობისთვის დარიგება.

– გიგი წერეთელი ვერანაირ გზას ვერ ხედავს, იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი შემცირდეს. თუმცა სახელმწიფოს სწორედ ეს პირობა აქვს მიცემული. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციაში?

თინა ტურძელაძე: ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მართლაც გადარჩენის სტრატეგია იყო საქართველოს მოსახლეობისთვის, ფინანსურად ჩამოიშლება. ეს გარკვეულად ფინანსურად არამდგრადი პროგრამაა. მას მუდმივად სჭირდება სერიოზული სუბსიდირება და საჭიროა, რომ ის ხარჯეფექტური იყოს. ხარჯების შეკავება ძალიან რაციონალურად უნდა მოხდეს.

– დღეს ასეთი სიტუაციაა – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, მაგრამ წამალი მოქალაქემ თავად უნდა იყიდოს.

თინა ტურძელაძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს ამბულატორიული წამლის კომპონენტს და ეს პროგრამის ხარვეზია. პროგრამის შემდგომი განვითარებისთვის წამლის კომპონენტის დაფინანსება აუცილებელი იქნება. მაგრამ ერთია სურვილი, მეორე შესაძლებლობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლის კომპონენტის დამატებას ძალიან დიდი ბაზისური მომზადება სჭირდება. იმისათვის, რომ ეს კომპონენტი წარმატებული იყოს და ზუსტად იყოს განსაზღვრული, თუ რა მედიკამენტების სუბსიდირება მოხდება.

– თქვენ რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

თინა ტურძელაძე: მე, როგორც წამლის სპეციალისტი, რეიტინგულ ეფექტურ სიებს დავადგენდი. დღეს, ჩვენი ბაზარი არ პასუხობს ეფექტურობის იმ მოთხოვნას, რომელზეც გამოწვევა არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ბაზარი მაღალხარისხიანი გენერიკების მომხმარებელი იყოს, ბაზარზე საეჭვო სიმილატების დიდი რაოდენობაა, სადაც ექიმს ორიენტირება არ შეუძლია, რადგან ეს მონაცემები ობიექტურად არ დევს. ქვეყანა ასეთ დიფერენცირებას არ აკეთებს.

– თქვენ ამბობთ, რომ კვლევა აუცილებელია. თქვენი ინფორმაციით, რაიმე მსგავსი კვლევა მიმდინარეობს? მომხმარებელი შემოდგომაზე წამლის გაიაფებას ელოდება.

თინა ტურძელაძე: არ არის აუცილებელი, ეს კვლევა საქართველოში ტარდებოდეს. პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ფორმულები. ან მან კერძო დაზღვევას უნდა მისცეს რაიმე მოტივაცია, რომ მათ გაზარდონ ეს სერვისი და ეს დაამატონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ფაქტია, რომ ეს ადამიანები სენსიტიურები არიან არა წამლის ფასის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ მათ ხელმისაწვდომობა არ აქვთ ამ წამალზე. ჩვენს ბაზარზე პრობლემა არის წამლის ეფექტურობის და მისი ფასის თანაზომიერება. ანუ რამდენად ადეკვატურია წამლის ფასი და ეფექტურობა.

– თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება არსებობდეს მონოპოლიის პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებები. შეგიძლიათ გვითხრათ ირიბი მტკიცებულებები, რომ მონოპოლია და გარიგება მართლაც არსებობს?

თინა ტურძელაძე: ის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები, დაახლოებით, ერთგვაროვანია. დღევანდელ ბიზნესმოდელში ამ შეხედულებებს გვიმტკიცებს ის ფაქტი, რომ ეს ბიზნესმოდელი ანომალურია. როდესაც სააფთიაქო ინდუსტრია ერთ სისტემაშია მოქცეული და სამედიცინო სერვისები ერთი მფლობელის ხელშია, ის საბაზრო ეკონომიკაზე საუბარი დამთავრებულია. რა არის ბაზარი? – ერთი მხარე ქმნის მოთხოვნას, მეორე მხარე კი უზრუნველყოფს მიწოდებას. ჩვენს შემთხვევაში, მოთხოვნას და მიწოდებას ფარმაცევტული ინდუსტრია ფლობს და ამ შემთხვევაში, რაიმე კონკურენციაზე საუბარი უხერხულია.

– სახელმწიფოს რა ფორმით შეუძლია ამაში ჩარევა?

თინა ტურძელაძე: თუ საუბარია მონოპილიების კვალიფიკაციაზე, გაზომვაზე და ადმინისტრირებაზე, ეს კონკურენციის სააგენტოს გადასაწყვეტია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბიზნესმოდელები ქვეყანაში უკვე წლებია ჩამოყალიბდა. ამ ბიზნესმოდელების მიხედვით, ერთსა და იგივე ჯგუფშია ფარმაცევტული წამლის წარმოება, წამლის იმპორტი, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სამედიცინო პროვაიდერები და სადაზღვევო კომპანიები. აქედან გამომდინარე, საბაზრო წარმატებულ ეკონომიკაზე საუბარი ალოგიკურია.

საქართველოში ექიმმა კლინიკური ავტონომია დაკარგა. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დანიშნულებაზე. ის არის ან ფარმაცევტული ინდუსტრიის ადმინისტრირების ქვეშ ან არის ბონუსურ სისტემაზე მიბმული ექიმი, რომლის ანაზღაურება მხოლოდ ფარმინდუსტრიის მიერ გაღებული ბონუსური სისტემით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ეს არის მისი შემოსავლის ძირითადი წყარო და იმის მოლოდინი, რომ ის ფარმაცევტული ინდუსტრიის გემოვნებით იმუშავებს, ძალიან დიდია.

ასეთი პრობლემები მთელ მსოფლიოში ხდება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუმენტები არსებობს, რომელსაც სახელმწიფოები იყენებენ. ექიმის კლინიკური ავტომონიის შენარჩუნებისთვის ზრუნვის ერთ-ერთი მაგალითია კანონი, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკამ და ევროგაერთიანების გარკვეულმა ქვეყნებმა მიიღო. ეს არის ეგრეთწოდებული „სანშაინ აქტი”. ეს აქტი არაფერს არ კრძალავს და მხოლოდ იმ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს, თუ რამდენს ღებულობს კონკრეტული ექიმი ფარმაცევტული ინდუსტრიიდან.

– მიგაჩნიათ, რომ რეალურია ის დაპირება, რომელიც სახელმწიფომ მოქალაქეებს წამლების შემოდგომაზე გაიაფებასთან დაკავშირებით მისცა? შეიძლება რომ მართლაც ასე მოხდეს? 

PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი: არსებობს ცნება ხელმისაწვდომობა. ეს არის მაჩვენებელი იმისა, აქვს თუ არა ადამიანს წვდომა ამა თუ იმ მედიკამენტზე. ეს წვდომა სადაზღვევო სისტემით მიიღწევა. სადაზღვევო სისტემამ, მათ შორის,სახელმწიფო სადაზღვევო სისტემამ, უნდა დაფაროს მედიკამენტების ღირებულების ნაწილი მაინც.

– ლარის კურსის დაცემამ რა გავლენა მოახდინა ფარმაცევტულ ბაზარზე? რამდენად დიდი იყო ის დარტყმა, რომელიც ალუტის დევალვაციას მოჰყვა?

კახა ოქრიაშვილი: რა თქმა უნდა, მედიკამენტები ლარში გაძვირდა. თუმცა მედიკამენტები გაიაფდა დოლარში და ევროში.

– უახლოეს მომავალში, ვარაუდობთ, რომ გარკვეული მედიკამენტები შესაძლოა გაიაფდეს?

კახა ოქრიაშვილი: დიახ, შესაძლებელია.

– და ეს ყველაფერი სახელმწიფოს მონაწილეობით მოხდება?

კახა ოქრიაშვილი: ინფორმაცია არ მაქვს.

– რამდენად სერიოზული იყო ლარის კურსის გავლენა ამ ბაზარზე?

თინა ტურძილაძე: საქართველოს ბაზრის თითქმის 98% იმპორტულ სუბსტანციაზე დამზადებული ან იმპორტული წამალია. აქედან გამომდინარე, ამან, რა თქმა უნდა, წამლის ფასზე გავლენა იქონია. წინა წლის იანვართან შედარებით, წელს წამლის ფასი 16,4%-ით გაიზარდა.

– GPC-ის დამფუძნებელი რა რესურსს ხედავს იმისთვის, რომ მედიკამენტების გაიაფება მოხერხდეს?

GPC-ის დამფუძნებელი დავით კილაძე: ამასთან დაკავშირებით, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. როგორც წესი, მედიკამენტის ფასზე საუბარი ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა შემცირდეს მომხმარებლის ჯიბეზე წნეხი. ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი – როდესაც სადაზღვევო სისტემა, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო, მედიკამენტის კომპონენტში აქტიურად ახორციელებს სუბსიდირებას.

– რამდენად დიდი იყო ლარის კურსის დაცემის შედეგად მიღებული დარტყმა ფარმაცევტულ ბაზარზე?

დავით კილაძე: ბუნებრივია, მედიკამენტიც ეკონომიკური აქტივობის ერთეულია. შესაბამისად, ლარის დევალვაციამ გარკვეული მედიკამენტების ფასზე ასახვა ჰპოვა. ჩვენს შემთხვევაში, ფასები, დაახლოებით, 15%-ით გაძვირდა 700-მდე დასახელების მედიკამენტი.

– დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლებელია გარკვეული პროგნოზის გაკეთება გაიზრდება თუ შემცირდება მედიკამენტების ფასი ფარმაცევდულ ბაზარზე? 

დავით კილაძე: ვალუტის თვალსაზრისით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, წლის ბოლომდე, ჩვენს კომპანიაში მედიკამენტებზე ფასების ზრდა არ იგეგმება.

– თუკი შესრულდება ის პირობა, რომელიც ხელისუფლებამ გასცა და გაიაფდება მედიკამენტები, გაჩნდება თუ არა შეკითხვები ხარისხთან დაკავშირებით? არსებობს თუ არა რისკები, რომ იაფფასიანი წამლების შემოტანა მოხდეს? 

თინა ტურძელაძე: იმის რისკი, რომ ქართულ ბაზარზე გაურკვეველი ხარისხის იაფფასიანი წამლები შემოვიდეს, ძალიან დიდია. უფრო მეტიც, დღესაც ცირკულირებადი წამლები არ არის დიფერენცირებული ექვივალენტურობის მიხედვით და ჩვენ არ ვიცით, რომელია ნამდვილად ეფექტური და რომელი ნაკლებად ეფექტური ან სრულიად არაეფექტური. დამოკიდებული ვართ მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების იმიჯზე, რაც სრულიად არასაკმარისია.

– რა ინფორმაცია გაქვთ, რა გზით შეიძლება მოხერხდეს მედიკამენტების გაიაფება საქართველოში? 

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე: ფარმაცევტული ბაზარი ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი სეგმენტია. ბაზარზე პირდაპირი ჩარევა დაუშვებელია. ჩვენ რამდენიმე საკანონმდებლო რეგულაცია შემოვიტანეთ. მხოლოდ ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა. ბაზარზე ის პრეპარატები უნდა იყოს, რომლებიც უსაფრთხოა მოსახლეობისათვის. იგეგმება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლით უზრუნველყოფის ნაწილი გაიზარდოს. გარკვეული მომსახურების შემთხვევაში, პაციენტებს საჭირო პრეპარატები საკუთარი ჯიბიდან დაფინანსების გარეშე მიეწოდება.

– ის რაც ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, გვიან შემოდგომაზე მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია? 

დიმიტრი ხუნდაძე: ეს პირობა ძალაშია და უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ გარკვეულ პრეპარატებზე ფასები დაიწევს. თუმცა ზედმეტი კონკრეტიკისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ.

– როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, მან თქვა, რომ მონოპოლიური და კარტელური შეთანხმებები ბაზარზე არ იქნება. ეს რამდენიმე წლის წინ იყო. დღევანდელი მდგომარეობით, რა შეგიძლიათ თქვათ? ასეთი შეთანხმებები არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე? 

დიმიტრი ხუნდაძე: ზოგადად ბაზარი, მათ შორის ფარმაცევტულიც, თავისუფალია. ვფიქრობ, ფარმაცევტულ ბიზნესს პრობლემები ნაკლებად აქვს.

– და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, რა არის მთავარი პრობლემები ფარმაცევტულ ბაზარზე და, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში? 

თინა ტურძელაძე: ჯანდაცვის სისტემაში მთავარი გამოწვევა ხარისხი და ხელმისაწვდომობაა. ბაზარზე ამ პრობლემის მოსახსნელად ახალი სარეგულაციო მოდელის შექმნა გვჭირდება. დღეს ქვეყანა იმ მოცემულობაშია, როდესაც ამ მოდელის კონსტრუირება ხდება. ანუ მორალური რისკი იმისა, რომ ქვეყანამ შეცდომა დაუშვა და ეს წლების შემდეგაც გამოსასწორებელი იყოს, ძალიან მაღალია.

ჩვენ თუ ბიუროკრატიული ძალაუფლების გაფართოების გზით წავალთ და პროფესიულ სტანდარტებს არ გავითვალისწინებთ, შეცდომა უკვე დაშვებული გვექნება. ჩვენ გვჭირდება ერთდროულად ორი რამ ვაკეთოთ – გადარჩენის სტრატეგიის კომპლექტში მივაწოდოთ სოციალური წამალი ადამიანებს, რომ მათ უბრალოდ შეძლონ ყიდვა და ეს წამალი გარანტირებულად ეფექტური იყოს და მეორე – ავაშენოთ სტრუქტურა, რომელიც იქნება განვითარებული და ბაზარს უხარისხო და არაეფექტური წამლებისგან დაიცავს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

კოვიდ 19-მა პაციენტებში სტომატოლოგიური პრობლემები დაამძიმა – ინტერვიუ ექიმ-სტომატოლოგთან

ინტერვიუ სტომატოლოგთან, კლინიკა „უნივერს დენტალი – გერმანული იმპლანტაციის ცენტრის“ ექიმთან, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ლიკა …