მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე მტვრის ნაწილაკების მატება ფიქსირდება. ამ მოვლენის მთავარი წყარო კი არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ესაა ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის შემოჭრა, რაც წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად გვიფიქსირდება და რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხან საჰარის უდაბნოს, ხან შუა აზიის და არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოსული უდაბნოს მტვერი ვრცელდება ძალიან დიდ ტერიტორიაზე. მათ შორის საქართველო ამ კუთხით ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა.

„ეს არაა იშვიათობა, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარში ხშირად გვაქვს ინვერსია და ის ხელს უწყობს ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას და დაბინძურების დონის აწევას, რადგან  ზამთარში დაჭირხნულია ატმოსფერო, კონცენტრაციები გაცილებით მაღალია და თვალნათლივ ჩანს, თუმცა ზაფხულის პერიოდშიც გვქონია არაერთი შემთხვევა.

სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე, სხვადასხვა ტიპის ადამიანები – ბავშვები, ორსულები, გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავდების მქონე პირები უნდა მოერიდონ ფიზიკურ აქტივობას, გარეთ დიდხანს ყოფნას, ჯობია დარჩნენ სახლში, ოთახი მოკლე ხნით გაანიავონ.

ჯანდაცვის ექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ მყარი ნაწილაკები არის ერთერთი ყველაზე სახიფათო დამაბინძურებელი, რადგან ესაა ძალიან წვრილი ნაწილაკები, ძალიან ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, ბრონქებში, ზოგი კი პირდაპირ სისხლში ხვდება, თუმცა დასამშვიდებელია ის, რომ ესაა ბუნებრივი მტვერი, არ არის მეტალურგიული ქარხნებიდან ან ქიმიური წარმოებიდან გაფრქვეული მყარი ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მძიმე ლითონებს, კანცეროგენულ ნივთიერებებს და ა.შ.“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის ტერიტორიაზე მტვრის შტორმების დაკვირვბების ცენტრი ბარსელონაში მდებარეობს და ამ რუკაზე უკვე 15 იანვარს დაფიქსირდა აზიიდან საქართველოსკენ  მომავალი მტვრის მასივი.

რაც შეეხება პროგნოზებს, სპეციალისტის თქმით,  ამ დღეებში მტვერი უნდა გადავიდეს, თუმცა თუ მეტეოროლოგიური პირობები ხელსაყრელი არ იქნება – მაგალითად იქნება შტილი (წყნარი ამინდი) და არ იქნება ქარი, შეიძლება მტვერი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღე კიდევ შენარჩუნდეს.

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …