მთავარი » მსოფლიო » უკრაინაში ადამიანის კანის პირველი ბანკი იქმნება – პროექტი, რომელიც ომმა დააჩქარა

უკრაინაში ადამიანის კანის პირველი ბანკი იქმნება – პროექტი, რომელიც ომმა დააჩქარა

დამწვრობის ცენტრში, რომელიც უახლოეს პერიოდში ლვოვში გაიხსება, უკრაინის მასშტაბით პირველი კანის ბანკი შეიქმნება, სადაც კანს ტრანსპლანტაციის მიზნით შეინახავენ.

ამ დაწესებულების შექმნა ომმა დააჩქარა, რადგან რუსების დაბომბვების შედეგად ასობით ადამიანმა მძიმე დამწვრობები მიიღო.

მანამდე მკურნალობისთვის ღორის კანი გამოიყენებოდა, რომლითაც ჭრილობას დროებით ხურავენ, თუმცა მედიკოსების თქმით, ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტიანია. თანამედროვე სტანდარტებით, დამწვრობებს რადიკალური მეთოდებით, მკვდარი კანის ამოჭრით მკურნალობენ, რის შემდეგაც პაციენტის სტაბილიზაცია ჭრილობის დახურვით ხდება.

ღორის კანი 10 დღის განმავლობაშია ეფექტიანი, ეს დრო კი შეხორცებისთვის არასაკმარისია. დონორის კანი კი მედიკოსებს შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენონ.

“ოდესღაც ჩვენ ჭრილობებს სხვადასხვა სახის მასალით ვფარავდით და ღორის კანით ვხურავდით, თუმცა ის დიდ შედეგს არ გვაძლევდა. როდესაც საკუთარი კანის დეფიციტია და დიდი ნაწილი დამწვარია, ესაა მუდმივი ბრძოლა. ჭრილობების დონორის კანით დახურვის შემთხევაში პაციენტს დავასტაბილურებთ, შემდეგ მის საკუთარ კანს ავიღებთ და ასე ეტაპობრივად დავხურავთ,” – განმარტა დარგის სპეციალისტმა, პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე დუნაევმა.

დღემდე გვამური დონორული კანით მკურნალობა მხოლოდ უცხოეთში იყო შესაძლებელი, მას შემდეგ კი, რაც ლვოვში შესაბამისი განყოფილების მოწყობა დასრულდება, უკრაინას კანის საკუთარი ბანკი ექნება და დონორული კანით კლინიკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოამარაგებს.

დამწვრობის ახალ ცენტრში პირველი პაციენტის მიღება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

იხილეთ ასევე

პოლონელებმა უკრაინელ ლტოლვილ პაციენტს გული დაუთმეს – ოპერაცია, რომელიც ომამდე არასდროს ჩატარებულა

ლვოვის ოლქის მცხოვრებ 36 წლის იულია სკიპს პოლონელებმა გული აჩუქეს. ესაა ორგანოს გადანერგვის პირველი ოპერაცია, …