მთავარი » მსოფლიო » უნგრული მედიის ცნობით, ჩინური ვაქცინა მოსახლეობაში მაღალი ნდობით არ სარგებლობს

უნგრული მედიის ცნობით, ჩინური ვაქცინა მოსახლეობაში მაღალი ნდობით არ სარგებლობს

რა ვითარებაა იმუნიზაციის კუთხით უნგრეთში, სადაც სხვა წარმოების ვაქცინებთან ერთად ჩინური „სინოფარმის“ პრეპარატები აქტიურად გამოიყენება? ეს საკითხი საქართველოსთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა და განაცხადა, რომ ამ პრეპარატით მოსახლეობის იმუნიზაცია 4 მაისს დაიწყება მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. ჯანმოს მიერ ავტორიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, 29 აპრილს უნდა დასრულდეს. თუმცა მანამდე საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინას უკვე აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის აღიარება.

როგორც ირკვევა, უნგრეთი 100  მოსახლეზე ადმინისტრირებული ვაქცინების რაოდენობით  მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის მე-13-ეა. ინფორმაცია „ნიუ იორკ თაიმსის“ ვებგვერდზეა განთავსებული. კერძოდ, ამ ქვეყანაში ყოველ 100 მოქალაქეზე 55 ვაქცინაა ადმინისტრირებული.

გამოცემის ცნობითვე, უნგრეთის მოსახლეობის 18% ვაქცინის ორივე დოზითაა აცრილი, 38% კი ერთი დოზით.

მსოფლიოში ვაქცინაციის მაჩვენებლით ლიდერი სეიშელის კუნძულებია, სადაც მოსახლეობის 56% ორი დოზით, 68% კი ორივე დოზითაა აცრილი. ლიდერებს შორისაა ისრაელიც, სადაც მოქალაქეთა 56%-ს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული, 60%-ს კი ერთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კი, უნგრეთში ბოლო 7 დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.

ამასთან, უნგრეთი Sinopharm-ით მასობრივი ვაქცინაციის ათდღიან კამპანიას იწყებს, რისი საფუძველიც „სინოფარმისგან“ მიღებული მილიონი დოზა ვაქცინაა.

თუმცა, Hungarytoday-ს ინფორმაციით, უნგრელი ექიმები შიშობენ, რომ პაციენტები ჩინური ვაქცინის გაკეთებას არ მოისურვებენ.

გამოცემის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობამ ოჯახის ექიმებს ფინანსური წახალისება შესთავაზა Sinopharm-ით ვაქცინირებულ თითოეულ ადამიანზე.

მართალია, მოგვიანებით ოპერატიულმა საბჭომ უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა პრoბლემა, რომ ადამიანებს არ სურთ Sinopharm-ით აცრა, ისევ  რჩება.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, უახლოეს დღეებში, ჩინური ვაქცინის გარდა, ქვეყანა რუსული ვაქცინის პირველ 200 ათას დოზას, ასევე “ფაიზერის” 300 ათას პრეპარატს ელოდება.

იხილეთ ასევე

“ბლუმბერგმა” პანდემიისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად სინგაპური და ახალი ზელანდია დაასახელა

კორონავირუსის პანდემიისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში სინგაპურმა (79,7 ქულა) ახალ ზელანდიას (79,6 ქულა) გადაასწრო, – …