მთავარი » დაზღვევა » „უნივერსალური ჯანდაცვა სავალდებულო უნდა იყოს“ – თენგიზ ვერულავა სოლიდარული სადაზღვევო სისტემის მომხრეა

„უნივერსალური ჯანდაცვა სავალდებულო უნდა იყოს“ – თენგიზ ვერულავა სოლიდარული სადაზღვევო სისტემის მომხრეა

სავალდებულო ბაზისური პაკეტი არის უნივერსალური დაზღვევის აუცილებელი კომპონენტი. ის არის ერთერთი გზა იმისა, რომ საზოგადოებაში სოლიდარობის პრინციპი დაინერგოს, რისკები გადაზღვეული იყოს და ისეთი მძიმე დაავადების მკურნალობა, როგორიცა მაგალითად სიმსივნე, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვისა და დაზღვევის საკითხების ექსპერტმა თენგიზ ვერულავამ განაცხადა.

„უნივერსალური ჯანდაცვა ნიშნავს, რომ ყველა აუცილებელი მინიმალური სერვისი ყველა მოქალაქისთვის იყოს. მაგალითისთვის ავიღოთ გერმანია, სადაც უნივერსალური ჯანდაცვა მოქმედებს და სადაც საბაზისო პაკეტის ქონა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა. ამასთან, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს – კერძოდ 5 ათას ევროზე მეტი – შეუძლია სოციალური დაზღვევიდან კერძო დაზღვევაზე გადავიდეს, მაგრამ კერძო კომპანიამ მას ეს მინიმალური პაკეტი უნდა შესთავაზოს. რით განსხვავდება კერძო დაზღვევა უნივერსალური დაზღვევისგან? კერძო დაზღვევისთვის განმსაზღვრელია რისკები, უნივერსალური დაზღვევა კი თანაბარი პირობებით აზღვევს ყველა მოქალაქეს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა მას რაიმე ქრონიკული ან ონკოლოგიური დაავადება. სწორედ ესაა სოლიდარობის პრიინციპი – ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ რისკებს. ვისაც მეტი ანაზღაურება სჭირდება, ის ამ თანხას იღებს იმ მოქალაქის შენატანიდან, რომელსაც არ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და არც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება. ანუ რადგან ესაა სავალდებულო ყველა მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს დიდ რაოდენობას და რისკების გადანაწილებას. ამას კი შედეგად მოაქვს ის, რომ შემცირდება ფინანსური ტვირთი ონკოლოგიური ან სხვა რთული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა. შესაბამისად, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უნივერსალური დაზღვევა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ექსპერტის თქმით, ნებაყოფლობითობი უნდა იყოს დაზღვევის ის პრიდუქტები, რომლებიც სავალდებულოში არ შედის და რომლის შეძენის უფლებაც ადამიანებს საბაზისო პაკეტის „ზემოთ“ უნდა ჰქონდეთ.

მაგალითად, ესაა სტომატოლოგია, პალატების შერჩევის საშუალება და ა.შ. მას მაგალითად მოჰყავს საფრანგეთი, სადაც საბაზისო პაკეტის გარდა, საკუთარი ინიციატივით „დაშენებული“ სადაზღვევო პაკეტი მოსახლეობის 80%-ს აქვს შეძენილი, რაც საზოგადოების მაღალ სადაზღვევო კულტურაზე მიუთითებს. თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ უნივერსალური დაზღვევის მართვა სახელმწიფო სააგენტომ უნდა განახორციელოს, რაც, გარდა ადმინისტრირების ხარჯების დაზოგვისა, უნივერსალურობის პრინციპს უზრუნველყოფს, რადგან დიდი რაოდენობის ადამიანების რისკების „არევა“ ამ რისკებს გადააზღვევს, რაც არის კიდეც სოლიდარულობის პრინციპი. ვერულავას თქმით, ასეთი მოდელი სადაზღვევო კომპანიებისთვის მომხიბვლელი ვერ იქნება, თუმცა სახელმწიფოს უპირველესი ინტერესი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და არა ინდუსტრიის ხელშეწყობა, თუმცა, მისივე განცხადებით, სადაზღვევო სექტორს შეუძლია იაქტიუროს უნივერსალურ პაკეტზე „დაშენებული“ პაკეტების მიმართულებით, რათა მომხმარებელს ხელსაყრელი და საინტერესო შეთავაზებები გაუკეთოს.

რაც შეეხება სახელმწიფო თანხების განკარგვას და „ქეისების“ მართვას, თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია შექმნას საკუთარი უწყება ან ისარგებლოს დამოუკიდებელი უწყების მომსახურებით, რომელიც თითოეულ სადაზღვევო „ქეისს“ გააკონტროლებს.

ექსპერტი ამბობს, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო კერძო სადაზღვევო სექტორს არ უნდა წარმოაჩენდეს „ბუად“, მეორეს მხრივ კი მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ნეგატიული დამოკიდებულება სახელმწიფო მენეჯმენტის მიმართ, რადგან რეალურად ესაა საზოგადოების თანხები და საზოგადოებრივი ფონდი.

„როდესაც ფონდში ერთად ვართ და ბევრნი ვართ, რისკები ადვილად ნაწილდება და დაზღვევაც იაფია. 2007 წელს გერმანიამ ეს ფონდები გააერთიანა, შედეგად რისკები გადანაწილდა და მოსახლეობასაც ნაკლების გადახდა მოუწია. ვფიქრობ, ესეც დაგვიანებული იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საბოლოოდ ყველა ქვეყანა ამ გზამდე მიდის. რისკების გადანაწილება შესაძლებლობას იძლევა, გამოთავისუფლებული თანხა სხვადასხვა სერვისების გაფართოებისკენ, მაგალითად იგივე ონკოლოგიის დაფინანსების გაზრდისკენ იქნას წარმართული,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა.

ის ასევე საუბრობს პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობაზე, რათა მაგალითად, კიბოს გამოვლენა მე-3 და მე-4 სტადიაზე არ ხდებოდეს და მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და გართულებების პრევენცია. ექსპერტის თქმით, წლებია, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას და სამწუხაროა, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარების კუთხით ქვეყანაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ჯანდაცვის სისტემის უმთავრესი მიზანია, პაციენტი კატასტროფული ხარჯებისგან დაიცვას. როდესაც ადამიანი კიბოს მე-4 სტადიით მიდის ექიმთან და ითხოვს დაფინანსებას, სახელმწიფო ვალდებულია მკურნალობა დაუფინანსოს, რადგან ის, რომ განვითარებული არ არის პირველადი ჯანდაცვა და დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე არ მოხდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა. მისი თქმით, მართალია, ქვეყანა ღარიბია, მაგრამ ის თანხებიც, რაც გვაქვს, არასწორად ნაწილდება. ექსპერტი უნივერსალური პაკეტის გარდა, აუცილებელ ფაქტორებად ასახელებს სელექტიურ კონტრაქტირებას (კლინიკების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა მათი შემოწმებისა და გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების პირობით), პირველადი ჯანდაცვის განვითარება, რეფერენტული ფასები მედკამენტებზე – ესაა, ვერულავას თქმით, ის აუცილებელი პირობები, რომლებმაც ქვეყანაში უნივერსალური ჯანდაცვა უნდა დანერგოს.

თუმცა თენგიზ ვერულავა იმასაც ამბობს, რომ ცვლილებების განხორციელებას, შესაძლოა, კლინიკების ლობისტები უშლიდნენ ხელს.

უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის ამოქმედების აუცილებლობაზე ექსპერტების დიდი ნაწილი საუბრობს. მათი თქმით, შემოსავლებისგან დამოუკიდებლად, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა სამედიცინო სერვისებზე, სადაზღვევო პრემიის გადახდის სქემა კი მოქალაქეების შემოსავლებს მოერგოს და ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის დაზღვევა ისევ სახელმწიფომ შეიძინოს.  ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ უნივერსალური პაკეტის შემოღება აუცილებელია, თუმცა სავალდებულო არ უნდა იყოს. თენგიზ ვერულავა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ სისტემის სავალდებულო ხასიათის გარეშე მთელი მოსახლეობის გაერთიანება და, შესაბამისად, სოლიდარულობის პრინციპის მიღწევა არ იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ასევე

“16-ლარიანი პაკეტით ხარისხიანი დაზღვევის მიღება შეუძლებელია”- რა უშლის ხელს სექტორის განვითარებას

საქართველოში დაზღვევა (როგორც სახელმწიფო პროგრამები, ისე კერძო სადაზღვევო სექტორი) ადამიანის საჭიროების მხოლოდ 40%-ს ფარავს. ამის …