მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „უპრეცედენტო პლატფორმა“  – საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა

„უპრეცედენტო პლატფორმა“  – საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.

ასოციაცია არის წევრობაზე დაფუძნებული, საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დაფუძნდა. ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია.

ჯანდაცვის ასოციაციაში 13 სამედიცინო დაწესებულება და ჰოლდინგი უკვე გაწევრიანდა, რომელიც 80-მდე ჰოსპიტლისა და 35 ამბულატორიული სერვისის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს და 8000-მდე საწოლს და 22 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ მისი წევრი დაწესებულებების წარმომადგენლები გამოცდილების, ცოდნისა და ხედვის გაზიარებით შეეცდებიან ერთად გადაჭრან ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები, მოამზადონ რეკომენდაციები ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად, ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ გზით შეამცირონ ის ხარვეზები, რაც ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და გაუმჯობესებას აფერხებს.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მაია მახარაშვილის განცხადებით, ასოციაციის მიზანია მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, მათ შორის ტარიფიკაციის საკითხებში, ასევე მომზადდეს ცვლილებები დადგენილებებში დაფინანსების, თანაფარდი საწოლფონდისა და სხვა მიმართულებებით.

როგორც მახარაშვილი ამბობს, დღეს ჯანდაცვის პოლიტიკის განმახორციელებლები და სახელმწიფო ერთპიროვნულად იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებას და ჯანდაცვის ექსპერტები და თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები არ მონაწილეობენ პროცესში. ჯანდაცვის ასოციაციის შექმნით კი, მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში ეს ადამიანებიც ჩაერთვებიან.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, ესაა უპრეცედენტო პლატფორმა, რომელიც ემსახურება მეტ კოორდინირებულ მუშაობას როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ურთიერთობაში, რადგან კარგი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც სექტორი დგას.

 

იხილეთ ასევე

„ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

კოვიდის მკურნალობის პროცესში კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი ჩაერთო, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია …