მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ივანე ჩხაიძე: “უვადო “მწვანე სტატუსი” წარმოუდგენელია”

ივანე ჩხაიძე: “უვადო “მწვანე სტატუსი” წარმოუდგენელია”

იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი, ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ კოვიდგადატანილების შემთხვევაში უვადოდ ე.წ. „მწვანე სტატუსის“ მინიჭება ტექნიკური ხარვეზია და უნდა გამოსწორდეს.

ასე ეხმაურება ის მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, მწვანე სტატუსი უვადოდ ექნება, შესაბამისად, მისთვის კონკრეტულ დაწესებულებაში შესვლა აცრის და ტესტის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ივანე ჩხაიძის თქმით, ყველა კვლევით, რომელიც მსოფლიოში ტარდება, ვირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები იკლებს და რეინფიცირების რისკი იმატებს. შესაბამისად, ექიმის თქმით, „მწვანე სტატუსის“ მოქმედების პერიოდად ვირუსის გადატანიდან 6-თვიანი პერიოდი უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან, პედიატრის თქმით, მის პოზიციას ეთანხმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელსაც ეს საბჭოზეც აქვს დაფიქსირებული.

„პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს ერთწლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია უვადოზე საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო, covid 19 ამისგან ძალიან შორს არის. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძის თქმით, “მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება არა 15 ნოემბერს, არამედ 1 -ელ ნოემბერს რომ შემოსულიყო, ესეც შესაძლებელი იყო.

„ადრე თუ გვიან, ალბათ, ვაქცინაციის პროცესში ვალდებულების კომპონტენტის დამატებაზე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. ეს არაპოპულარული გზაა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით. შერჩეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, თუნდაც სამედიცინო პერსონალი, ყველაზე მარტივი და ლოგიკური ნაბიჯია. არ მინდა მე იმ ექიმთან მივიდე, რომელიც არ არის ვაქცინირებული. არ მინდა მივიდე კუჭის ტკივილით და წამოვიდე კორონავირუსით ინფიცირებული“, – აღნიშნა ჩხაიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

იხილეთ ასევე

ორსულის კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გახდეს საჭირო – განახლებული რეკომენდაციები

ორსულის კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა პაციენტისა და ექიმის მიერ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნას …