მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

საქართველო სრულად გახდა დამოკიდებული სხვა ქვეყნების კეთილ ნებაზე და საჩუქრებზე, ხელისუფლებამ კი ვაქცინების შეძენის პროცესის დაორგანიზება ვერ შეძლო – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს.

კალოიანის თქმით, მეოთხე ტალღას გვერდს სრულად ვერ ავუვლით და იმის შანსი, რომ შემოდგომა მშვიდი გვქონდეს, ცოტაა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოვაქს-პლატფორმისთვის 80 მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს და ამ მარაგის ნაწილს საქართველო მიიღებს.

ვახტანგ კალოიანის შეფასებით, საქართველოს არათანაბარი რეგულაციები აქვს და მკაცრი ლოქდაუნიდან სრულ დერეგულაციაზე გადადის, „კომენდანტის“ საათის შემცირებას კი ის „კომიკურს“ უწოდებს.

„ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელი ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასაც აფასებს და ამბობს, რომ ვერც საკოორდინაციო საბჭომ და ვერც კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვეს იმას, რომ ერთხელ მაინც გაეკეთებინათ ჰოსპიტალურ სექტორში არსებული სიტუაციის ანალიზი. კალოიანის თქმით, ჩვენ მივეჩვიეთ დღეში 17-30 გარდაცვლილს და  ხელისუფლება ამ მძიმე სტატისტიკას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით და არა საკუთარი ქმედებების ხარვეზებით ხსნის.

„გვაიმედებენ, რომ ინდეოეთზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა არ გვეუბნებიან, ამ გარდაცვალებებიდან რამდენი იყო თავიდან აცილებადი, რის გაკეთება შეგვეძლო უკეთესად,“ – ამბობს ვახტანგ  კალოიანი.

მისი თქმით, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ დაიდოს სრული და ტექნიკური, პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი ანალიზი პაციენტების გარდაცვალების მიზეზების შესახეგ. კალოიანი ამბობს, რომ კლინიკური ჯგუფი მონაწილეობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, იცავს ბიუროკრატიას, იმას კი კი, რაც მისი მოვალეობაა – ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარების სრული, პირუთვნელი ტექნიკური შეფასება – არ ასრულებს. ვახტანგ კალოიანის განცხადებით,  უნდა არსებობდეს ციფრებით დატვირთული „რაპორტი“, სადაც დეტალურად იქნება გაშლილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მიზეზები, კლინიკაში დაყოვნების დრო, ამის მაგივრად კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხოლოდ მშრალ სტატისტიკას გვთავაზობს, რაც, მისივე შეფასებით, დაგვიანებულია და „უკან მიდევნებულ ლამპარს“ გავს.

ვახტანგ კალოიანის თქმით, იმუნიზაციის კუთხით და ასევე ჰოსპიტალურ სექტორში გამოწვევები ისევ რჩება. ამასთან, ჰოსპიტალურ სექტორში ინფრასტრუქტურის მიმართულებით მცირე წინსვლაა – მაგალითად, თითქმის ერთი წელი ისე გავიდა, რომ ქვეყანას არ ჰქონდა მაღალნაკადური ჟანგბადის აპარატები და მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების ზეწოლით გახდა იძულებული ჯანდაცვის სამინისტრო, შეეძინა ეს აპარატურა. ამის მიუხედავად, კალოიანის თქმით, დღეს გამოწვევებია პრეპარატების კუთხით, მათ შორის ერთერთ ყველაზე ეფექტიან მედიკემენტად ის ტოცილიზუბამს ასახელებს, თუმცა, მისივე განცხადებით, მასზე ხელმისაწვდომობა დაბალია.

„გვაქვს აპლიკაციები, რომლებიც აღარ მუშაობს და რომლებიც ასიათასობით ლარი დაჯდა. თუმცა არ გვაქვს ტექნოკრატიული დოკუმენტი, რომელიც შეაფასებდა ჩვენს მართვას, სიტუაციას კლინიკურ სექტორში. სანამ ეს არ გვექნება, ვივლით ხელების ცეცებით და კონკრეტული ექიმების და ექთნების გმირობის ზღვარგადასული დატვირთვის ფასად შენარჩუნებული შედეგების ხარჯზე,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუმართავს არცერთი ტრენინგი რეანიმატოლოგებისთვის და ამ მხრივ მხოლოდ პროფესიული ასოციაციები აქტიურობენ.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …