მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ვახტანგ სურგულაძე ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის შექმნას სკეპტიკურად უყურებს

ვახტანგ სურგულაძე ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის შექმნას სკეპტიკურად უყურებს

ძალიან გამიხარდება, როცა არ იქნება მორბენალი სტრიქონი ან განცხადებები  სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვს უცხოეთში მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა ვახტანგ სურგულაძემ „ბი ემ ჯი“-ს ეთერში, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის გახსნის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ასეთი პროფილის კლინიკის გახსნის გეგმების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში- Sheba Tel Hashomer Hospital“, “Ichilov Medical Center“ და
“Hadassah Medical Center იმყოფებოდნენ.

ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.

ვახტანგ სურგულაძის თქმით, ახალი კლინიკის შექმნა  ეს ძალიან რთული მომენტია, მითუმეტეს ისეთი, არცთუ მდიდარი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა.

„ნახეს ორი კლინიკა, მაგრამ ეს კლინიკები შედიან მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ათეულში. ავიღოთ სახელმწიფო კლინიკების მდგომარეობა: ნახევრად დანგრეული რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური კლინიკა, რომელსაც უნივერსალური კლინიკა უწოდეს და არ ფუნქციონირებს. ინფექციური კლინიკა, რომელსაც გამოუყვეს შენობა და დღემდე არაა აშენებული,“- განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.

მისივე თქმით, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის შექმნა ესაა ძალიან ძვირადღირებული  ტექნოლოგიები, რომელთაც ყოველწლიურად განახლება სჭირდება.  ასევე საჭიროა მუდმივი ინდექსაცია, ახალი ტექნოლიგიებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

„მერწმუნეთ, ისევ მოგვიწევს უცხოეთში ბავშვების გაყვანა. 2021 წელს 107 ახალი შემთხვევა იყო, საიდანაც ძირითადად ონკოჰემატოლოგიური შემთხვევებია. მეორე ადგილზეა თავის ტვინის სიმსივნეები და ნერვული სისტემების სიმსივნეები. ონკოჰემატოლოგიური განყოფილება გვაქვს იაშვილში, მაგრამ ეს კლინიკა რატომღაც სამინისტრომ დახურა და დადგა სერიოზული პრობლემა: რა ვუყოთ ამ ბავშვებს? ამიტომ  ეს ნაწილი დატოვეს. ეს კლინიკა კარგად მუშაობს და გადარჩენის კარგი მონაცემები გვაქვს: გოგონებში ესაა 77% და ბიჭებში 74. ევროპული სტანდარტი კი 80%-ია. მაგრამ როცა ბავშვს აქვს ონკოლოგიური დაავადება, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ მშობელი თავად არ აგროვებდეს ფულს. ახალი კლინიკა წაიღებს ძალიან დიდ დროს. 2 მილიონ 500 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ონკოჰემატოლოგიის დაფინანსებისთვის, წელსაა 3 მილიონი. ეს კარგია, თუმცა მთავარია, რამდენად არ „შეჭამს“ ამ თანხას მედიკამენტის ფასები, ინფლაცია. საჭიროა კერძო სტრუქტურის ჩართვა, კარგი დაფინანსება, თუ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ. როცა ექიმს მოტივაცია არ აქვს, ვერ დადებს შედეგს. ისრაელთან შეიძლება გაცვლა, ჩვენი ექიმების წაყვანა. აქ შეიძლება სახელმწიფო ჩაერთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული,“ – განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.

 

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …