მთავარი » მსოფლიო » ვაქცინაციამ მსოფლიოში უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, საქართველოში კი კოვიდ-სტატისტიკა მზარდია

ვაქცინაციამ მსოფლიოში უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, საქართველოში კი კოვიდ-სტატისტიკა მზარდია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად,  საქართველოში ბოლო 7 დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ 25% შეადგინა. ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი კი დროის ამავე ინტერვალში 17%-თაა გაზრდილი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იქ, სადაც ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების შემთხვევები შემცირდა.

ისრაელში, დასახელებულ პერიოდში ახალი შემთხვევების კლებამ 63%-ზე მეტი შეადგინა. 46%-თაა შემცირებული სიკვდილიანობა. შეგახსენებთ, რომ ისრაელი ვაქცინაციის კუთხით მსოფლიო ლიდერია და იქ ერთი დოზით მოსახლეობის 62%-ია აცრილი, 53%-ზე მეტს კი ორივე დოზა აქვს გაკეთებული.

ესპანეთში, სადაც ვაქცინირებულია მოსახლეობის 12%, ხოლო 80 წელს გადაცილებულ პოპულაციაში მინიმუმ ერთი დოზით 71%-ია აცრილი, შემთხვევათა კლებამ 76% შეადგინა,  სიკვდილიანობა 75%-ით შემცირდა.

შემთხვევების 27%-იანი კლებაა შვედეთში, გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირებამ კი 75% შეადგინა. შვედი ჟურნალისტის მატს ანდერსონის თქმით, სიკვდილიანობის შემცირების მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფს ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ.

„ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასრულდა იმუნიზაცია ხანდაზმულთა თავშესაფრებში და იწყება 80 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია. სავარაუდოდ, ეს პროცესი აპრილის ბოლოს და მაისში დაიწყება. ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ მაღალია, თუმცა სიკვდილიანობა მცირდება და ეს ხანდაზმულთა ვაქცინაციის დამსახურებაა,“ – განაცხადა შვედმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე 11603 ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის 0,3%-ს შეადგენს.

იხილეთ ასევე

Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

სეიშელის კუნძულებმა, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია …