მთავარი » ჯანდაცვა » ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში ცვლილებაა – ე.წ. ფასიანი აცრა უფასო გახდა

ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში ცვლილებაა – ე.წ. ფასიანი აცრა უფასო გახდა

ექვსკომპონენტიან ვაქცინას დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში აქამდე კომერციულ ქსელში არსებობდა, და ე.წ. ფასიანი აცრით იყო შესაძლებელი, 1 დეკემბრიდან სახელმწიფო ბენეფიციარებისთვის უფასოდ უზრუნველყოფს.

აღნიშნული ვაქცინის [სანოფი პასტერის მიერ წარმოეული ჰექსაქსიმი] შესყიდვით, სახელმწიფოს იმუნიზაციის ბიუეჯეტი, დაახლოებით, 80%-ით იზრდება – ვაქცინაციის დანერგვამდე თუ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 3 მილიონი ლარი იყო, ახლა ოფიციალური ცნობით, 12 მილიონი ლარია. სახელმწიფომ პირველი 2 წლისთვის საჭირო ვაქცინა იყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის ეს თანხა ტვირთია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მისი ხელმისაწვდომობის გაზრდით, ამ მხრივ, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ხდება.

“ეს არის უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების ვაქცინა, რომელიც ევროპის ბაზრებზეა დაშვებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. მისი ძირითადი უპირატესობაა ის კომპონენეტები, რომელიც შედარებით ნაკლები რეაქტოლოგიით ხასიათდება აცრის შემდეგ,- ტირილი, ტემპერატურა და ა.შ. რეგიონში საქართველო პირველია ვინც გადავიდა ამ ვაქცინებზე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ეკატერინე ქავთარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ოფიციალური მონაცემებივე, ე.წ ფასიანი ვაქცინებით საქართველოში ბენეფიციართა 4-5% სარგებლობს. შესაბამისად, კომერციულ ქსელში ექიმებისთვის მისი გამოყენება უცხო არ არის.

ამასთან, აღნიშნული ვაქცინა კომბინირებულია და თუ აქამდე ამ ექვსი დაავადების წინააღმდეგ, ერთი ვიზიტის დროს ორი აცრა კეთდებოდა, ერთი ინექციის და მეორე პირის ღრუში წვეთების სახით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ნემსი კეთდება.

“ორი ვაქცინა, რომელიც ეროვნულ კალენდარში ისედაც იყო გათვალისწინებული, და რომელიც ერთ ვიზიტზე ტარდებოდა, შეიცვალა კომბინირებული ვაქცინით. ანუ ამ ორი ვაქცინის ნაცვლად მიიღებს ერთს, ექვს კომპონენტიანს”, – ამბობს ნეტგაზეთთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იმუნოპროფიკლაკტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, იმუნიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ეროვნული კომიტეტის (NITAG) წევრი, დოქტორი ლია ჯაბიძე.

შესაბამისად, 1 დეკემბრიდან იცვლება იმუნიზაციის ეროვნული კალნედარი. ვაქცინა ორი თვის ასაკიდან კეთდება.

ორივე ვაქცინა, ე.წ ფასიანი და უფასოც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ და ლიცენზირებულ ვაქცინათა ნუსხაში შედის. მათ შორის განსხვავება აცრების რაოდენობაში და შესაძლო გვერდითი მოვლენების სიმცირეშია. აგრეთვე, ნაკლები რაოდენობის ჩხვლეტა და მინიმუმამდე შემცირებული გვერდითი მოვლენა – ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რომელიც ფასიან აცრას ე.წ უფასო აცრისგან განასხვავებს.

netgazeti.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …