მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პედაგოგებს შორისაა

პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პედაგოგებს შორისაა

პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პედაგოგების კატეგორიაშია. პორტალ vaccines.ncdc.ge-ს მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის რესურსს წარმოადგენს, უახლესი, 13 ივნისის მონაცემებით, ერთი დოზით მხოლოდ 319 მასწავლებელია აცრილი, ორი დოზით აცრილი პედაგოგების რიცხვი საიტზე არ ფიქსირდება.

 

13 ივნისის შემდეგ კი ეს ინფორმაცია არ განახლებულა. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, დასახელებული პერიოდისთვის იმუნიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექიმებში ფიქსირდება – 6220 ერთჯერადად და 3336 ორჯერადად აცრილი. მას მოსდევს ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმომადგენლები, შემდეგია შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა და ბოლოს სკოლის პედაგოგები.

 

15 ივნისს დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, „დღეს ამაზე ვიმსჯელეთ და ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რათა შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ და ამასთანავე, ყველა, ტელევიზია უნდა გახდეს უსაფრთხო, ამიტომ, როცა ვაქცინა გვექნება აიცერით ყველა,“- განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, ივლისის პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს ე.წ მასობრივი აცრის სივრცეების მოწყობა.

 

„თბილისში ეს იქნება, დაახლოებით, 4-5, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. ერთი ტექნიკური ცენტრი უკვე მზად არის „ჰუალინგში“, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა მისი ფუნქციონირება. ის შედარებით პატარაა – 10 ბრიგადით იმუშავებს და მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისში „ექსპოჯორჯიასთან“ რამდენიმე პავილიონთან დაკავშირებით, ასევე მოლებთან თბილისში და ეს ყველაფერი ივლისის პირველ 10 დღეში უნდა იყოს მზად,“- განაცხადა გამყრელიძემ.

 

აღნიშნულ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ვაქცინაციას ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო სახე აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში 18 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები ჩართულები არიან ვაქცინაციაში და ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მათი ვაქცინაციის რეკომენდაციას, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ამ ადამიანების, არამედ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც იცავს.

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …