მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინების მაცივრები, ექიმების ტრენინგები, საინფორმაციო კამპანიები – რა დახმარება გაუწიეს იუნისეფმა და USAID-მა საქართველოს პანდემიის პერიოდში

ვაქცინების მაცივრები, ექიმების ტრენინგები, საინფორმაციო კამპანიები – რა დახმარება გაუწიეს იუნისეფმა და USAID-მა საქართველოს პანდემიის პერიოდში

400,000-ზე მეტი მასწავლებელი, ჯანდაცვის მუშაკი, რელიგიური ლიდერი, მშობელი და ბავშვი, რომელმაც მიიღო ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ – ასეთია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთწლიანი პარტნიორობის შედეგების მხოლოდ ნაწილი, რომელთა პრეზენტაციაც დღეს შედგა. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირებაში.

პროგრამა ხორციელდებოდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე და ფოკუსირებული იყო აუცილებელი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდებასა და ჯანდაცვის მომსახურებების გაძლიერებაზე; ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის ზომების გაუმჯობესებაზე; ვაქცინირებისადმი უნდობლობის აღმოფხვრასა და ვაქცინაციის მოთხოვნის გაზრდაზე; წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესებაზე და კოვიდ-19-ის ვაქცინირებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

“აშშ-ის მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კოვიდ-19-ის პანდემიის პირველი დღეებიდანვე დაიწყო საქართველოს დახმარება. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მივაღწიეთ ისეთ შედეგებს, რასაც გრძელვადიანი სარგებელი აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის: იმუნიზაციის ევროვნულ პროგრამას აქვს მოდერნიზებული ტექნიკური აღჭურვილობა; უსაფრთხო სასმელი წყალი აქვს გურიის სკოლებსა და საავადმყოფოებს; ექიმები და ექთნები გადამზადდნენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურებების მიწოდებაში; ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა თავად გაავრცელონ ინფორმაცია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების შესახებ. ეს აშშ-სა და საქართველოს ხალხებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია,” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა.

“მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს, რათა ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჯანდაცვის მომსახურება, დაავადებების პრევენციის აუცილებელი მექანიზმები და კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაცია“, აღნიშნა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში -მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით ინფორმაცია მივაწვდინეთ მილიონზე მეტ ადამიანს და დავეხმარეთ მათ გამხდარიყვნენ უფრო ინფორმირებული და უნარიანი პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში“.

პროექტმა შემდეგ შედეგებს მიაღწია:

●        346 მაცივარი და 500 ცივი ყუთი დაურიგდა სოფლის ამბულატორიებს საქართველოს მასშტაბით. მაცივარ-ოთახი დამონტაჟდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

●        საექთნო ასოციაციასთან პარტნიორობით სოფლის პირველადი ჯანდაცვის 1,284 მუშაკმა გაიარა ტრენინგი ბავშვთა შორის COVID-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვის მიზნით.

●        1,200-ზე მეტ ობიექტს აქვს წვდომა საკომუნიკაციო პლატფორმებზე, რაც COVID-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისთვის განახლებული პროტოკოლების, ტრენინგისა და დისტანციური კონსულტაციების მიღების საშუალებას იძლევა.

●        31,000-ზე მეტმა ჯანდაცვისა და სხვა სფეროს მუშაკმა გაიარა ტრენინგი ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში. დაახლოებით 94,700-მა ბავშვმა ისარგებლა დისტანციური სამედიცინო მომსახურებით/ მონიტორინგით.

●        ასოციაცია „ჰელფინგ ჰენდთან“ და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციციასთან პარტნიორობით 400,000-ზე მეტმა მასწავლებელმა და სკოლის პერსონალმა, ჯანდაცვის მუშაკმა, რელიგიურმა ლიდერმა, მშობელმა და ბავშვმა მიიღო ინფორმაცია COVID-19-ისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით აღნიშნულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო ვაქცინაციით მასწავლებელთა მოცვას, რაც 2021 წლის აგვისტოში არსებული 9 პროცენტიდან 2022 წლის დასაწყისში 76 პროცენტამდე გაიზარდა.

●        „შალომ კლუბ გურიასთან“ პარტნიორობით გურიის 32 სკოლასა და 4 საავადმყოფოში წყლის ფილტრები დამონტაჟდა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი გახდა უსაფრთხო სასმელი წყალი. ამ დაწესებულებებში უსაფრთხო წყლით სარგებლობს 5,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი და პირველადი ჯანდაცვის კლინიკის 7,000-მდე პაციენტი.

●        „ჰელფინგ ჰენდს“, აჭარის სკაუტთა მოძრაობას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით 38,234-მა მოზარდმა მიიღო ინფორმაცია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკის, COVID-19-ის პრევენციის ღონისძიებებისა და უსაფრთხო წყლისა და სანიტარული პირობების შესახებ.

●        კომუნიკაციების კომისიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით დაიწყო მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში.

●        მედიის განვითარების ფონდთან პარტნიორობით კოვიდ-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები და ვებინარები ჩაუტარდა 800-ზე მეტ ახალგაზრდას, მასწავლებელსა და მშობელს, ხოლო დემოკრატიის ლაბორატორიასთან პარტნიორობით ციფრული პლატფორმების მეშვეობით 70,000-მა ახალგაზრდამ მიიღო ინფორმაცია დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედების შესახებ.

აღნიშნული პროექტი იყო 2020-2021 წლებში განხორციელებული კოვიდ-19-ზე რეაგირების პარტნიორული პროექტის გაგრძელება. იგი მიზნად ისახავდა კოვიდ-19-ით ინფიცირების გავრცელების მავნე შედეგების შემსუბუქებას და დაუცველ ბავშვებსა და ოჯახებზე მოსალოდნელი სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებას.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძე: მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით იქნება გამოწვეული

უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. ამის შესახებ …