მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვირუსი, რომელსაც ქართულმა მედიასაშუალებამ „ახალი“ უწოდა, 1968 წლიდანაა ცნობილი – თამარ გაბუნიას კომენტარი

ვირუსი, რომელსაც ქართულმა მედიასაშუალებამ „ახალი“ უწოდა, 1968 წლიდანაა ცნობილი – თამარ გაბუნიას კომენტარი

ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი რუტინული, ჩვეულებრივი ცირკულაციის ვირუსია და მისი ცირკულაციაც გასული წლებისგან არ განსხვავდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიით გავრცელებულ ინფორმაციის კომენტარისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ მონაცემებით, „საქართველოში ახალი ვირუსი“ ცირკულირებს, რომელიც „მთელ ქალაქს მოედო.“ „ჰონკონგის შტამი ელვის სისწრაფით ვრცელდება.  მედიკოსები აღარ მალავენ, რომ რეანიმაციული განყოფილებები გადავსებულია. ისევ ის ხდება, რაც კოვიდის დროს იყო,“ – ასეთია „ტვ პირველის“ ინფორმაცია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებს, რომ აღნიშნული ვირუსი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდანაა ცნობილი, ის, ისევე როგორც სხვა ცნობილი ვირუსები, ყოველ წელს გვხვდება და რაიმე  განსაკუთრებულ საფრთხეებს არ უკავშირდება.

„ვირუსების ცირკულაცია წელს არ განსხვავდება იმ ვირუსებისა და ტიპებისგან, რომლებიც გასულ წლებშიც გვქონდა. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინსიტიალური ვირუსი, არის შედარებით დაბალ პროცენტში ადენოვირუსი და ძალიან მცირე, 5%-ია ჯერჯერობით მხოლოდ გრიპის ვირუსი,“ – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ჰონგკონგის ვირუსის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არსებული სიტუაციის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია, რადგან ესაა აღნიშნული ვირუსის ისტორიული დასახელება. 1868 და 1869 წლებში ამ ვირუსის ეპიდემია იყო, მას შემდეგ კი მისი გავრცელება მსოფლიოში არსაც ყოფილა და ესა რუტინული, ჩვეულებრივი ცირკულაციის ვირუსი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული რისკი არახლავს.

რაც შეეხება ვირუსების ტიპების კლინიკურ დიფერენცირებას, რაც, „ტვ პირველის“ რესპონდენტების  განცხადებით, არ ხდება, გაბუნია ამბობს, რომ კლინკურ პრაქტიკაში დიფერენცირებას არანაირი ღირებულება არ გააჩნია და მთავარია, სიცხის შემთხვევაში ბავშვი მშობელმა ოჯახის ექიმთან მიიყვანოს, რათა ის ბინაზე იმართოს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ ბავშვს თანხმლები დაავადება არ აქვს, მისთვის ჰოსპიტალიზაცია არაა საჭირო, რადგან კლინიკაში გადაყვანა ზედმეტი სტრესია როგორც პაციენტის, ასევე მისი ოჯახისთვის.

რაც შეეხება თავის დაცვის საშუალებებს, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ძირითადია ხელის ჰიგიენა, დისტანცია და სიმპტომების შემთხვევაში ბავშვის სახლში დატოვება.

„განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, რომ სიცხიანი ბავშვი შეაფასოს და მისი მდგომარეობა მართოს ბინაში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ე.წ. ჰონგკონგის ვირუსის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისაუბრა. ივნისში მან განაცხადა, რომ ეს ვირუსი  უკვე ფიქსირდებოდა და რომ ესაა გრიპის განსაკუთრებული ფორმა – H3N2 (ა ტიპის). ჩხაიძის თქმით, ამ ვირუსის გავრცელების კუთხით წლევანდელი წელი სრულიად გამორჩეულია

იხილეთ ასევე

“მოლოდინი, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს”

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს – რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, …