მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლების დადგენილზე ძვირად გაყიდვის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან – ჯარიმა 45 ათას ლარს აღწევს

წამლების დადგენილზე ძვირად გაყიდვის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან – ჯარიმა 45 ათას ლარს აღწევს

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა, გამოიწვევს ჯერ გაფრთხილებას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ჯარიმები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებით არის გათვალისწინებული. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

როგორც ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა კი გამოიწვევს: დაჯარიმებას 22 500 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 45 000 ლარით.

“აღნიშნული ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული გადაცდომის სიმძიმე, მასშტაბები, მისი გავლენები ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროზე და ასევე, საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითისთვის, საბითუმო რეალიზატორებისთვის ჯარიმის ოდენობის გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა შემდეგი მიდგომა: რეფერენს ქვეყნებში ჯარიმების ოდენობებიდან, აირჩა ქვედა ნიშნული, ყველაზე დაბალი ფასი, შემდეგ აღნიშნული მოცულობები გადაკონვერტირდა ლარში Purchasing Power Parity (PPP) ინდექსის გამოყენებით, საბოლოო ეტაპზე კი გაანგარიშდა ჯარიმის საშუალო მოცულობა.

საბითუმო რეალიზატორებისთვის ჯარიმის მოცულობად განისაზღვრა რეფერენს ქვეყნებში არსებული ჯარიმების საშუალო მაჩვენებლის – 45 000 ლარის ნახევარი – 22 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში კი – 45 000 ლარი”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში

მოქმედი კანონმდებლობით, 2022 წლიდან, ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში მოქმედ შესაბამის პირებს, ეტაპობრივად ევალებათ ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფარგლებში აწარმოონ, ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის აღების შემდეგ უზრუნველყონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვისაც კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს.

კერძოდ:

  1. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
    2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
    3. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
    4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 60 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

იხილეთ ასევე

მედიკამენტის იმპორტიორს აფთიაქები არ უნდა ჰქონდეს – ექსპერტის შეფასებები

მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას არ გამოიწვევს და …