მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა სახელმწიფოს მხოლოდ პირველ ეტაპზე 3 მილიონი დოლარი დაუჯდება

წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა სახელმწიფოს მხოლოდ პირველ ეტაპზე 3 მილიონი დოლარი დაუჯდება

წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნას მინიმუმ 3 მილიონი დოლარი სჭირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორია პირველ ეტაპზე სახელმწიფო ხარჯებით შეიქმნება.

„წელს წამლის ხარისხის ლაბორატორია არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომლის შექმნა სახელმწიფო ხარჯებით მოხდება, პირველ ეტაპზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ სხვა რესურსიც. საუბარი მაქვს სასესხო ხელშეკრულებებზე, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია აღჭურვილობის შესყიდვის ნაწილში ეს საკითხი განვიხილოთ, თუმცა პირველ ეტაპზე, ჩვენ რეაბილიტაციის და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ ინფრასტრუქტურის ინვესტიციის საკითხს, რათა წამლის ხარისხის ლაბორატორია უმოკლეს ვადებში იყოს გამართული. ვფიქრობ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და მომავალი წლისთვის უკვე გვექნება გამართული. საწყისი მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, შეფასებულია 3 მილიონი დოლარით – ეს არის ბაზისური აღჭურვილობის ჩათვლით, ინფრასტრუქტურული საჭიროებისთვის მისი ნაწილი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია”, – განაცხადა გაბუნიამ.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ლაბორატორია შეისწავლის როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს.

ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაალ კაპანაძის განცხადებით, წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, საუბარია სივრცის ნახვაზე, სადაც ლაბორატორია მოეწყობა. შემდგომი ნაბიჯები დაკავშირებულია პროექტირებასთან და შესაბამის აღჭურვასთან.

იხილეთ ასევე

„სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა

„​სინოვაკის“ 100 00 დოზა, რომელიც არის ჩინეთის მთავრობის დონაცია საქართველოს მიმართ, დღეს ჩამოვა ქვეყანაში, – ამის შესახებ …