მთავარი » მსოფლიო » წარმატებული ვაქცინაციის შედეგები – ქვეყნები, სადაც ეკონომიკური აქტივობა იზრდება

წარმატებული ვაქცინაციის შედეგები – ქვეყნები, სადაც ეკონომიკური აქტივობა იზრდება

„ბლუმბერგი“ მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მიმოიხილავს და იმ ქვეყნებში მიმდინარე შემსუბუქებების პროცესზე წერს, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. გამოცემის ინფორმაციით, ვითარება სტაბილიზდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 7-თვიან მინიმუმზეა, შტატების ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  სამინისტროს ინფორმაციით, საწოლების წილი, რომლებიც კოვიდპაციენტებს აქვთ დაკავებული, 5,37%-მდე შემცირდა, რაც 5 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის განცხადებით, ბოლო კვირაში აშშ-ში Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა სექტემბრის შემდგომი პერიოდის მინიმალურ ნიშნულზეა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ქვეყანაში იზოლაციის შერბილების მორიგი ეტაპი 17 მაისს დაიწყება, რადგან Covid-19-ით დაინფიცირების დონე სექტემბრის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა.

ადამიანებს მიეცემათ უფლება,  მეგობრებთან ღამით დარჩნენ, ასევე აღდგება დახურულ სივრცეებში სხვადასხვა ღონისძიება. მთავრობამ განაცხადა, რომ განახლდება საერთაშორისო მოგზაურობები. ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფოს ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტი ორმაგი დოზითაა აცრილი, ორმა მესამედმა კი ერთი ვაქცინა მიიღო.

ვაქცინის დანერგვის წარმატებამ იზოლაციის მკაცრ ზომებთან ერთად, რომლებიც ახლა რბილდება, ქვეყანაში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირება გამოიწვია. კვირას ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ერთ დღე-ღამეში მთელ ქვეყანაში ვირუსისგან მხოლოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ვაქცინაციის ფონზე ეკონომიკის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს დუბაიში, სადაც საქმიანი აქტოვობა 2019 წლის ბოლო პერიოდის დონემდე გაიზარდა. ეს მოხდა ტურიზმის აღდგენისა და მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგ.

IHS Markit-ის მონაცემებით, კერძო სექტორი, ნავთობის გამოკლებით, იზრდება.

საპირისპირო ვითარებაა ინდოეთში. ქვეყნის დედაქალაქში ნიუ დელიში იზოლაცია ისევ ერთი კვირით გახანგრძლივდა და კონტროლი გამკაცრდა.

ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 246 116 შეადგინა. დღიურად კი კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს.

Jefferies-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ინდოეთის შტატების ორ მესამედზე მეტი იხურება.

თამილნადუ, სადაც უცხოური საწარმოები, მათ შორის BMW და Dell-ის წარმოებებია განთავსებული, ორშაბათიდან იკეტება.

ინდოეთი ბოლო თვეებში თავის მოქალაქეებს არასათანადო ტემპებით ტესტავს, დაბალია ვაქცინაციის აქტივობაც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 3,6-ჯერ გაიზარდა, 6-ჯერაა მომატებული გარდაცვალების მაჩვენებელიც, და ეს იმ ფონზე, როცა ტესტირების რაოდენობა მხოლოდ 1,5-ჯერაა გაზრდილი. ამავდროულად, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 38%-ით დაეცა – ინფორმაციას ტვიტერზე მიჩიგანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი ბჰრამარ მუკერეჯი ავრცელებს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ მონაცემებით, მთელ მსოფლიოში უკვე 1,27 მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა გაკეთდა, რაც თითოეულ 100 ადამიანზე 16 დოზას შეადგენს.

ვაქცინაციის ტემპებით პირველ ადგილზეა სეიშელის კუნძულები, სადაც მოსახლეობის 70%-მა ერთი ვაქცინა უკვე მიიღო, 61% კი სრულად, ორი დოზითაა აცრილი. შესაბამისად, 60 და 56%-ია ეს მაჩვენებლები ისრაელში. ვაქცინაციის დონით ლიდერებს შორის არიან აშშ, ბრიტანეთი, მალტა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, უნგრეთი და სხვა ქვეყნები.

საქართველო კი 100 მოსახლეზე ვაქცინირებულთა რაოდენობით (1,5 დოზა) 139 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა.

იხილეთ ასევე

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის  ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია. როგორც …