მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ყნოსვისა და გემოს დაკარგვას სულ უფრო ნაკლები კოვიდპაციენტი უჩივის – იცვლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომები

ყნოსვისა და გემოს დაკარგვას სულ უფრო ნაკლები კოვიდპაციენტი უჩივის – იცვლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომები

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის მთავარი სიმპტომების ჩამონათვალი შეიცვალა. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალმა შტამებმა, კერძოდ კი დელტა-ვარიანტმა (ე.წ. ინდური შტამი), შეცვალეს COVID-19-ის მიმდინარეობის სურათი. ახლა ყველაზე ხშირი სიმპტომები, რომლებსაც პაციენტები უჩივიან, არის თავის ტკივილი, სურდო და ყელის ტკივილი.

ბრიტანელმა მეცნიერებმა ცვლილების შესახებ აპლიკაცია ZOE-ს საშუალებით გაიგეს, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების მონიტორინგს ახორციელებს. მონაცემების თანახმად, ძლიერი ხველა პანდემიის დასაწყისში დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო და დაინფიცირებულთა 46%-ს აწუხებდა. თუმცა მაისის შემდეგ სტატისტიკაში თავის ტკივილი და სურდო  სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს.

ლონდონის სამეფო კოლეჯის გენეტიკური ეპიდემიოლოგიის პროფესორის ტიმ სპექტორის განცხადებით, COVID-19 სულ უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაცივებას და ის ყველაზე ძლიერად ახალგაზრდა პაციენტებს აღენიშნებათ, რომლებსაც ინფექცია მსუბუქი ფორმით გადააქვთ.

მისივე თქმით, თავის ტკივილი ახლა პირველ ადგილზეა კორონავირუსის სიმპტომებს შორის. მეორე ადგილზეა ყელის ტკივილი, რასაც სურდო და   ცხელება მოსდევს. ხველა კი, სიხშირის მიხედვით, მეხუთე სიმპტომია. რაც შეეხება ყნოსვის დაკარგვას, ეს სიმპტომი დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებების ათეულშიც კი არ შედის.

ამიტომ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ უბრალოდ გაცივდა, სპექტორი კორონავირუსის ტესტის გაკეთებას ურჩევს.

„ადამიანები ამას ვერ იაზრებენ და შესაძლოა იფიქრონ, რომ სეზონური გაცივება აქვთ. ისინი კვლავ

დადიან წვეულებებზე და შესაძლოა კორონავირუსი გაავრცელონ,“ – განაცხადა ექსპერტმა.

არის თუ არა ამ კუთხით ცვლილებები საქართველოში? თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ალექსანდრე გოგინავა jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომლის სიმპტომები ვირუსის „ორიგინალი“ სახეობისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა არის ტენდენცია, რომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვას შედარებით ცოტა პაციენტი უჩივის.

ამასთან, გოგინავას თქმით, ცხელება კოვიდინფექციის ძირითად სიმპტომად რჩება და მეტიც – ის პაციენტებში უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება, ასევე ხშირია ხველა. თავის და ყელის ტკივილი კი, ინფექციონისტის თქმით, რესპირაციულ ინფექციებს, ზოგადად, ახასიათებს.

მისივე განცხადებით, ახლა რესპირაციული ინფექციების სეზონი არ არის, ამიტომ, შესაბამისი სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანმა ეჭვი მაშინვე კოვიდინფექციაზე უნდა მიიტანოს და ტესტი გაიკეთოს.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …