საქართველოში კორონავირუსი კვლავ აქტიურად ცირკულირებს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„თუ გადავხედავთ ბოლო მონაცემებს, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსი წარმოადგენს დომინანტურ ვირუსს. ანუ ის მონაცემები, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს ეხება, მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით ახლა ქვეყანაში კორონავირუსი ფიქსირდება,“ - განაცხადა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ასეთი სიჭარბე მიმდინარე სეზონისთვის ტიპიური არ არის და მისი გავრცელების ალბათობა ზამთრის პერიოდში ყველაზე მაღალია.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ბოლო შემთხვევა ქვეყანაში ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, რაც ასევე უჩვეულოა. ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, ყველა ვირუსი, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და სასუნთქი სისტემის მცირე დაზიანებას იწვევს - ესაა ხველა, დაბალი ტემპერატურა, ცხვირიდან გამონადენი და ა.შ. ეს არაა ვირუსები, რომლებსაც სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია.