საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა იზრდება. 

თუ 2024 წელს ამ პაციენტების რაოდენობა 392 300 იყო, 2025 წელს ის 411 300-მდე გაიზარდა. 
მონაცემებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული მიუთითებს ქრონიკული დაავადებების ეფექტურ მართვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.

2024 წლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდა და მასში გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები ჩაერთო. 


პროგრამით, ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად უფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის ფარგლებში, 100 %-ით ფინანსდებიან  პირები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ასევე პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ვეტერანები,  ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. 


100 %-ით ფინანსდებიან პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული, საქართველოს მოქალაქეები.