ყოველწლიურად 4.7 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ბაქტერიულ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას უკავშირდება.
ამის შესახებ ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ.
მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე, 2025-2050 წლებში ანტიმიკრობულმა რეზისტენტობამ, შესაძლოა, 39 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და 2035 წლისთვის გლობალურ ეკონომიკას 7.7 ტრილიონი აშშ დოლარი დააკარგვინოს
„მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები – მათ შორის ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები – შესაძლოა წარმოიქმნას და გამრავლდეს ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებსა და გარემოში, შემდგომ კი მათ შორის გავრცელდეს.
შესაბამისად, ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონცეფცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ გამოწვევაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავლენას ახდენს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, გარემოსა და ეკონომიკაზე.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის მთავარი ფაქტორი ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ანტიმიკრობული საშუალებების არასწორი გამოყენებაა.
ინფექციების არასათანადო პრევენციით, ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე შეზღუდული წვდომით, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სუსტი სისტემებით, ასევე ჩამდინარე წყლებითა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურებით შესაძლოა შექმნას პირობები, რომლებიც ხელს უწყობს რეზისტენტული მიკროორგანიზმებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გენების გაჩენას, შენარჩუნებასა და გავრცელებას.
როდესაც რეზისტენტული მიკროორგანიზმები ჩნდება და ვრცელდება, ზიანი ადგება ჩვენს ჯანმრთელობას, ცხოველთა ჯანმრთელობას, სურსათის უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და მდგრად განვითარებას.
ყოველწლიურად 4.7 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ბაქტერიულ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას უკავშირდება. გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე, 2025-2050 წლებში ანტიმიკრობულმა რეზისტენტობამ, შესაძლოა, 39 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და 2035 წლისთვის გლობალურ ეკონომიკას 7.7 ტრილიონი აშშ დოლარი დააკარგვინოს, რაც განსაკუთრებით მძიმედ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე აისახება.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა მხოლოდ მომავლის გამოწვევა როდია; ის უკვე გლობალური საფრთხეა. გადადგით თუნდაც ერთი ნაბიჯი ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის.
მოწოდება გარემოსდაცვით სექტორს: აღკვეთეთ დაბინძურება და უსაფრთხოდ მართეთ ნარჩენები და ჩამდინარე წყლები, რათა შეამციროთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოქმნა და გავრცელება და, ამავდროულად, დაიცვათ ჩვენი პლანეტა.
მოწოდება ჯანდაცვის სექტორს: აღკვეთეთ ინფექციები და პასუხისმგებლობით გამოიყენეთ ანტიმიკრობული პრეპარატები, რათა დაიცვათ სიცოცხლე დღეს და შეინარჩუნოთ მკურნალობის ეფექტიანობა მომავლისთვის.
მოწოდება ცხოველთა ჯანმრთელობის სექტორს: ჯანმრთელი ცხოველი ანტიმიკრობული საშუალებების ნაკლებ საჭიროებას ნიშნავს. ვაქცინაცია, ბიოუსაფრთხოება და დაავადებათა პრევენცია ამრ-ის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯებია.
მოწოდება ახალგაზრდობას: ისწავლეთ, გაუზიარეთ სხვებს, იმოქმედეთ და იყავით წინამძღოლნი თქვენს სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ საზოგადოებაში ამრ-ის პრევენციისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.





