ჯანმო ევროპაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველა რეგიონი, ევროპის და ცენტრალური აზიის გარდა, ქალებში თამბაქოს მოხმარების შემცირების გლობალურ მიზნობრივ მაჩვენებლებს აღწევს.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას მოიცავს, ზრდასრული მოსახლეობის 22%-ზე მეტი თამბაქოს მოიხმარს. თამბაქო ამ რეგიონში ყოველწლიურად 1,6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს ანალიზის თანახმად, თამბაქოს მოხმარება უფრო სწრაფად მცირდება მამაკაცებში, რომელთა შორისაც მოწევის მაჩვენებელი, ზოგადად, უფრო მაღალია. ქალებში თამბაქოს მოხმარება უკიდურესად ნელი ტემპით იკლებს, ხოლო 15 ქვეყანაში ქალებში თამბაქოს მოხმარების ზრდა ფიქსირდება. ევროპის რეგიონში თამბაქოს დაახლოებით 63 მილიონი ქალი მოიხმარს.


2010-დან 2025 წლამდე მამაკაცებში თამბაქოს მოხმარება 39,3%-დან 30,3%-მდე შემცირდა, რაც 23%-იან კლებას შეესაბამება. ქალებში კი ეს მაჩვენებელი 19,6%-დან 17,3%-მდე შემცირდა, რაც 12%-იან კლებას წარმოადგენს.
არც მამაკაცებმა და არც ქალებმა ვერ მიაღწიეს ჯანმო-ს მიერ დასახულ მიზანს, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის თამბაქოს მოხმარება 30%-ით უნდა შემცირებულიყო.


გლობალური მასშტაბით, ამ 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში ქალებში თამბაქოს მოხმარება 42%-ით შემცირდა. ევროპა ერთადერთი რეგიონი აღმოჩნდა, რომელმაც ჯანმო-ს მიერ დასახულ 30%-იან მიზანს ვერ მიაღწია. ანგარიშის თანახმად, 2025 წლისთვის ყველა სხვა რეგიონში ქალებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა.


„ევროპის რეგიონი საკმარის პროგრესს ვერ აღწევს თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. თუმცა ქალები და გოგონები, განსაკუთრებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან“, — განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს თამბაქოს კონტროლის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა, კრისტინა მაურ-შტენდერმა.

ეს ტენდენციები მოზარდებშიც შეინიშნება. რეგიონში 13-დან 15 წლამდე მოზარდების დაახლოებით 14% ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ მეტია. 29 ქვეყანაში გოგონები თამბაქოს მოიხმარენ სულ მცირე იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც ბიჭები, ხოლო 35 ქვეყანაში გოგონები ვეიპებს სულ მცირე იმავე სიხშირით იყენებენ.

„მოზარდი გოგონები ახლა ისევე ხშირად ეწევიან და იყენებენ ვეიპებს, როგორც ბიჭები, ან უფრო ხშირადაც კი“, — განაცხადა მაურ-შტენდერმა. „არცერთი ეს ტენდენცია არ არის გარდაუვალი. ჩვენ ვიცით, რომელი ღონისძიებებია ეფექტიანი“.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ბიურომ ქვეყნებს მოუწოდა, თამბაქოზე გადასახადები საცალო ფასის მინიმუმ 75%-მდე გაზარდონ, უზრუნველყონ მოწევისგან თავისუფალი სივრცეების შესახებ პოლიტიკის აღსრულება, აკრძალონ თამბაქოს რეკლამა, დაარეგულირონ ელექტრონული სიგარეტების მოხმარება და „დაიცვან თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან“.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო — ევროკომისია — თამბაქოსთან დაკავშირებული რეგულაციების მასშტაბურ რეფორმას ამზადებს. მოსალოდნელია, რომ ახალი კანონმდებლობა ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს, მათ შორის ვეიპებსა და ნიკოტინის პაკეტებს, ასევე შეფუთვის მოთხოვნებს მოიცავს. თამბაქოზე გადასახადების გაზრდის გეგმა კი შეფერხებულია.


შეფასებების თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ევროკავშირის ინსტიტუტებზე ლობირებისთვის ყოველწლიურად 8-დან 10 მილიონ ევრომდე ხარჯავს.

"ევრონიუსის" ინფორმაცია