ჰაერის ხარისხის ჯანმოს მერ დადგენილი ნორმების დაცვას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული დ ხაზგასმულია, რომ სუფთა ჰაერი შეამცირებდა ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას, გაზრდიდა შრომის პროდუქტიულობას და ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ ზრდას.

„ევრონიუსის“ ცნობით, აღნიშნული დასკვნის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, ჰაერში არსებული წვრილი მყარი ნაწილაკების (PM2.5) კონცენტრაციის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვრულ დონემდე შემცირება ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 9,4 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს აგვაცილებდა თავიდან.

ამასთან, აზოტის დიოქსიდის (NO2) დაბინძურების შემცირებას კიდევ დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ან სიკვდილის გადავადება შეუძლია.


კვლევა იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც თურქეთში, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე გამართულ COP31-ის კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერები კლიმატური კრიზისის გავლენას განიხილავენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაერის ხარისხის რეკომენდაციები 2021 წელს განაახლა და რამდენიმე დამაბინძურებელი ნივთიერებისთვის დასაშვები წლიური კონცენტრაციის ზღვარი გაამკაცრა.

კერძოდ, PM2.5-ის რეკომენდებული წლიური ზღვარი 10-დან 5 მიკროგრამამდე შემცირდა ჰაერის ერთ კუბურ მეტრზე.

აზოტის დიოქსიდის (NO2) მაჩვენებელი კი 40-დან 10 მიკროგრამამდე კუბურ მეტრზე.
თუმცა ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოები, ამ მიზნების მიღწევას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

კვლევაში მონაწილე 136 ქვეყანაში PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია 30,44 მიკროგრამს შეადგენდა კუბურ მეტრზე, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ზღვარს ექვსჯერ აღემატება.

მკვლევრების შეფასებით, ამ ქვეყნებში ჰაერის ხარისხის გაუარესებას ხელი შეუწყო სწრაფმა ურბანიზაციამ, ეკონომიკურმა განვითარებამ და ავტომობილებისა და სხვა მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებების მზარდმა გამოყენებამ.

ჰაერის დაბინძურების შემცირება მხოლოდ ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლებას არ ნიშნავს. მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც გულისა და ფილტვების დაავადებები უვითარდებათ.


კვლევის მიხედვით, PM2.5-ის კონცენტრაციის ჯანმო-ს რეკომენდებულ დონემდე შემცირების შემთხვევაში ყოველწლიურად შესაძლებელი იქნებოდა:

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) 2,8 მილიონი შემთხვევით შემცირება;
დემენციის 1,1 მილიონი შემთხვევით შემცირება;
გულის იშემიური დაავადების 7,3 მილიონი შემთხვევით შემცირება;
ინსულტის 2,3 მილიონი შემთხვევით შემცირება.

მკვლევრები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მნიშვნელობას, რადგან თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის უდიდეს ნაწილს სწორედ ინფარქტი და ინსულტი განაპირობებს.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანაც შეუძლია.

კვლევის თანახმად, ჯანმო-ს რეკომენდაციების შესრულება ყოველწლიურად 8,4 ტრილიონი საერთაშორისო დოლარის (Int$) საზოგადოებრივ ეკონომიკურ სარგებელს შექმნიდა. ეს მაჩვენებელი 136 შესწავლილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10,7 პროცენტს უტოლდება.
სუფთა ჰაერი ეკონომიკურ სარგებელს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებითა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებითაც მოიტანს.

რაც შეეხება სამედიცინო ხარჯების შემცირებას, მკლევრების თქმით,  შედეგები ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება. 
კერძოდ, ეკონომია შემდეგ ცფრებშია ნავარაუდევი: 

11,8 მილიარდი საერთაშორისო დოლარი გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში;
5,9 მილიარდი ინსულტის შემთხვევაში;
8,6 მილიარდი დემენციის შემთხვევაში.


ამას ემატება შრომის პროდუქტიულობის შენარჩუნებით მიღებული ათობით მილიარდი დოლარის ეკონომიკური სარგებელი.

კვლევის მთავარი დასკვნაა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჯანმო-ს რეკომენდაციების შესრულება ქვეყნებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ეკონომიკური დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემდა.