COVID-19 კვლავ ჩვენთანაა და ყველა ქვეყანაში ვრცელდება. ამის შესახებ ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციის ახალი ტალღები დარეგისტრირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთ ნაწილში.
„84 ქვეყანაში არსებული ჩვენი სისტემის მონაცემები აჩვენებს, რომ SARS-CoV-2-ის ტესტებზე დადებითი პასუხები პროცენტულად მატულობს,“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ევროპაში ეს მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, თუმცა რეალურად ის შესაძლოა 2-დან 20-ჯერ მეტი მასშტაბის იყოს.
ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ინფექციების გავრცელების ასეთი მაღალი ტემპები ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის დამახასიათებელი არ არის, რადგან რესპორატორული ვირუსების აქტიური ფაზა დაბალ ტემპერატურაზე მოდის.
„ბოლო თვეებში, წელიწადის დროისგან დამოუკიდებლად, ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის აფეთქებაა. მათ შორისაა ოლიმპიური თამაშები, სადაც სულ მცირე 40 სპორტსმენი დაინფიცირდა,“ - აღნიშნა ვან კერკჰოვემ.
ვირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს უფრო მძიმე შტამის წარმოშობის საფრთხე.
მიუხედავად ჰოსპიტალიზაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლებისა, ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააქტიურონ ვაქცინაციის კამპანიები და მაღალი რისკის ადამიანები 12 თვეში ერთხელ აცრან.