მოწევა სირცხვილია და ტრადიციული თამბაქოს ალტერნატივებს შორის უსაფრთხო პროდუქცია არ არსებობს - ამის შესახებ „საშა კაცმანის პოდკასტში“ საუბრისას კარდიოლოგ-არითმოლოგმა როინ რეკვავამ განაცხადა.
მან ისაუბრა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არსებულ იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოსთვისაა დამახასიათებელი.
„დარჩი ქართველად, მაგრამ ყველაფერი გააკეთე ზომიერად. ესაა საერთო გამოსავალი. ერთმნიშვნელოვნად „წითელი დროშა“ უნდა ავწიო სიგარეტთან დაკავშირებით - აცრერთი ღერი არ შეიძლება არც გულსთვის, არც არცერთი ორგანოსთვის. ეს საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მოწევა რომ კლავს, ეს თავად სიგარეტსაც აწერია. მაგრამ მოწევა რომ სირცხვილია, ამ ფილოსოფიაზე ვდგავარ დღეს... მით უმეტეს პატარა ერისთვის, რომელსაც გამრავლების და გადარჩენის ჟინი უნდა ჰქონდეს, არც უნდა განიხილებოდეს, ვეწევი თუ არ ვეწევი. პაციენტის მიმართ, რომელიც ჩემთან მოდის და მეუბნება, რომ ეწევა, პირველი რეაქცია მაქვს არცთუ ექიმური - არ ვარ იმწუთას მზრუნველი და ვბრაზდები. „თუ ეწევი, ჩემთან რა გინდა? თუ შენ შენს თავს დღის განმავლობაში ოცჯერ გამოუტან განაჩენს (ვგულისხმობ 20 ღერ სიგარეტს), ჩემთან რა გინდა? მე რატომ გინდა გადამაბარო შენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა?““ - ამბობს რეკვავა და აცხადებს, რომ ადამიანმა სიგარეტს თავი არა თანმიმდევრულად, არამედ რადიკალურად, მყისიერად უნდა დაანებოს.
მისივე განცხადებით, თუ ქვეყანში მწეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ძალიან დიდი პრობლემა მოეხსნება ჯანდაცვის სისტემას, რომელსაც კარდიოლოგიური პაციენტების მკურნალობაზე დიდი თანხების დახარჯვა უწევს.
წამყვანი დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით ახალი პროდუქტები, მათ შორის - ისინი, რომლებიც ნიკოტინს არ შეიცავს.
„ეს არის „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“. არცერთი ეს პროდუქტი არ არის ჯანმრთელი ალტერნატივა. მაგალითად, „ვეიპებზე“ უკვე კვლევებია დადებული, რომ ფილტვიც კი ამოკვეთეს ადამიანებს, იმდენად ტოქსიური მოქმედება აქვს ადამიანის ორგანიზმზე და - საკმაოდ მოკლე დროში. თუ ნიკოტინს არ შეიცავს, ის შეიცავს უამრავ სხვა მომწამვლავ ნივთიერებას, კანცეროგენულ, ანუ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს. ის, რაც იწვევს შეჩვევას და ის ნივთიერებები, რომლებიც გაიძულებს გაიმეორო ვეიპის მოწევა, ეს ყველაფერი არის კანცეროგენული. არანაირი შეღავათი სიგარეტთან შედარებით არ არის,“ - განაცხადა როინ რეკვავამ.
მისივე თქმით, საქართველოში კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ და ესაა „გადაღძომა,“ რაც როგორც საკვებს, ისევე სასმელს ეხება.
„პირველ რიგში, ჩვენ გადაძღომის პრობლემის წინაშე ვდგავართ. ქართულ სუფრასთან ერთად ვიღებთ საჭმლის და სასმლის ძალიან დიდ რაოდენობას. ეს ძალიან ტვირთავს გულს და არა მხოლოდ მას, მთელს ორგანზმს. ერთვება ნერვული სისტემა. ძალიან ხშირად ჩემს პაციენტებს ეწყებათ არითმიები და ამოვარდნები, რასაც პანიკური შეტევები მოსდევს. არის ცდომილი ნერვი, რომელიც იძულებულია, ყველაფერი კუჭს მოახმაროს და ყველა რესურსი წავიდეს კუჭიკენ. ჯანმოს მონაცემებით, არცერთი პრომილე ალკოჰოლი არ არის სამკურნალო. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ლეგენდაა, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო სამკურნალოა. გარკვეულ გაიდლაინებში 150 მილილიტრი ღვინო არის მაქსიმუმი დღის განმავლობაში. სამკურნალო თვისებაზე კი არცერთი არ საუბრობს,“ - განაცხადა რეკვავამ.
მისივე თქმით, საკვებს, რომელსაც ვიღებთ, ნაკლები ცხიმი უნდა ჰქონდეს, რადგან მივდივართ სისხლძარღვების პრობლემებთან.
მედიკოსის განმარტებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება, როდესაც ჯანმრთელი ხარ და არა მაშინ, როცა უკვე დაავადება მოვიდა. ამ კუთხით კი, მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, რასაც გულისთვის ახალ სისხლძარღვების გაჩენაც კი შეუძლია.





