ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Sanofi-მ განაცხადა, რომ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია Insmed-ს 41 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს გარიგება კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ბელენ გარიხოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ნაბიჯია, რომელიც Sanofi-ს ბიზნესის გარდაქმნას ისახავს მიზნად.

Sanofi Insmed-ის თითო აქციაში 175 დოლარს გადაიხდის. ეს კომპანიის ბოლო სავაჭრო დღის დახურვის ფასთან შედარებით დაახლოებით 17.5%-იან პრემიას წარმოადგენს.


Sanofi-ს ფინანსური დირექტორის, ფრანსუა როჟეს განცხადებით, ეს გარიგება ევროპის ისტორიაში ნაღდი ფულით განხორციელებულ სიდიდით მეოთხე გარიგებაა, ხოლო საფრანგეთში — ყველაზე მსხვილი.

Sanofi-ს პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორი ბელენ გარიხო კომპანიაში იმ მიზნით მიიწვიეს, რომ გაეძლიერებინა კომპანიის მედიკამენტების განვითარების პორტფელი. გარდ ამისა, მან უნდა განსაზრვროს ზრდის ახალი მიმართულებები იმ პერიოდისთვის, როდესაც კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეპარატი, ასთმის სამკურნალო Dupixent, 2030-იანი წლების დასაწყისში საპატენტო დაცვას დაკარგავს.
მაისში თანამდებობის დაკავების შემდეგ გარიხომ დაიწყო კომპანიის სტრატეგიული მიმართულებების გადახედვა, განაახლა აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა და გააფორმა შეთანხმება დიდი ხნის პარტნიორ Regeneron-თან.

აღსანიშნავია, რომ გარიგებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება: ოქტომბერში Insmed-ის დირექტორთა საბჭოს Sanofi-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პოლ ჰადსონი შეუერთდა.
გარიხოს განცხადებით, Insmed-ის შეძენა გააძლიერებს Sanofi-ს შესაძლებლობებს იმუნოლოგიის მიმართულებით და შეავსებს კომპანიის უკვე არსებულ თანამშრომლობას Regeneron-თან.


Sanofi-ს ინფორმაციით, გარიგების დასრულება 2027 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. 


ფინანსური დირექტორის, ფრანსუა როჟეს განცხადებით, გარიგება კომპანიას ყოველწლიურად 500 მილიონ დოლარზე მეტი ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.