კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის, DRG-ს ამოქმედებიდან 4 წლის თავზე სამედიცინო დაწესებულებები ისევ დაფინანსების ზრდას ითხოვენ. ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ კლინიკების წარმომადგენლების არგუმენტები შემდეგია: იზრდება მედპერსონალის ხელფასები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ძვირდება სახარჯი მასალებიც, რასაც სახელმწიფო დაფინანსებაც კვალდაკვალ უნდა მიჰყვეს, რათა პაციენტებმა ხარისხიანი მკურნალობა შეძლონ.
სიუჟეტის თანახმად, DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, ცვლილებებამდე, თუ ტრავმატოლოგიური ოპერაციის შემთხვევაში პაციენტს სტანდარტულისგან განსხვავებული იმპლანტის გამოყენება სურდა, მას ოპერაციის და მასალების სრული ღირებულება თავად უნდა გადაეხადა, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვა ერთჯერადად უნდა დაეტოვებინა. ცვლილებების შემდეგ კი პაციენტს მხოლოდ სასურველი სახარჯი მასალის ღირებულების სხვაობის დაფარვა უწევს, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი კვლავ სახელმწიფო იხდის. თუმცა ეს ცვლილება, ტრავმატოლოგიისა და ვიპ-პალატის არჩევის უფლების გარდა სხვა მიმართულებებზე არ გავრცელებულა. სპეციალისტები და ექიმები ამბობენ, რომ მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია, მსგავსი პრინციპი სხვა მიმართულებებზეც ამოქმედდეს.
ამ თემაზე არხს კომენტარი მისცა ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა:
„მხოლოდ ენდოპროტეზებზეა დადგენილი, რომ, როდესაც პაციენტი ირჩევს სხვა წარმოების დამხმარე საშუალებას, შეუძლია, თანხის ნაწილი დაამატოს, თუმცა ეს ძალიან მწირია იმ ჩამონათვალში, რა მიმართულებებითაც ასეთი არჩევანის საშუალება შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა ოფთალმოლოგია, კარდიოქირურგია და ა.შ. ნაწილობრივ ეს ჯიბიდან გადახდებს ზრდის, თუმცა პაციენტის არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემაში.“
მაია მახარაშვილი ასევე ამბობს, რომ DRG-ს ამოქმედებამ გამოკვეთა კრიტიკული მოვლისა და გადაუდებელი მედიცინის სფეროში არსებული პრობლემები, სადაც კლინიკებზე დიდი ფინანსური ტვირთია. მისი განმარტებით, რადგან საოპერაციო ხარჯის შემადგენელი კომპონენტების ღირებულება 4 წლის განმავლობაში გაზრდილია, ამ მიმართულებით არსებული ტარიფების გადახედვაც აუცილებელა.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი თენგიზ ვერულავა კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს იმდენი თანხა, რომ ძვირადღირებული სერვისების დაფინანსებაში, ყველა მიმართულებით შეეხიდოს პაციენტს და სწორედ ამიტომ, ყველაზე მოთხოვნადი სერვისები აირჩია.
„ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი ითამაშა ასოციაციებმა, ჩვენც - მკვლევარებმა ავხსენით და გამოვიკვლიეთ ეს პრობლემა და შევთავაზეთ სახელმწიფოს. ყველაფერმა ამან იმოქმედა და მოხდა გარკვეული მიმართულებებით დაფინანსება. ცხადია, რაც უფრო მეტად დააფინანსებს სახელმწიფო სხვა მიმართულებებსაც, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა მით უფრო გაუმჯობესდება,“ - განაცხადა თენგიზ ვერულავამ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე სექტორთან ერთად მუშაობენ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის თქმით, DRG-ს პროგრამა პროგრესული ნაბიჯია მანამდე მოქმედ სისტემასთან შედარებით.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ოფთალმოლოგიის, ისე რეანიმაციის თუ სხვა მიმართულებები მუდმივ დახვეწას მოითხოვს და ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა,“ - განაცხადა ლომინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.





