მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 460 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 85 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მონაცემები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ცნობითვე, იგივე პერიოდში, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების საშუალო ღირებულება 10-11%-თაა გაზრდილი.
სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს.
დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელის, ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, დაზღვევის კულტურის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე წლების წინ, თუმცა არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც ამ მიმართულებით ზრდას აფერხებს. მაგალითად, დღეს ადამიანის საჭიროებაში დაზღვევა, შესაძლოა, არათუ პირველ ადგილზე, პირველ ათეულშიც არ იდგეს. მისივე თქმით, ზოგადად, დაზღვევის ყველაზე დიდი მომხმარებელი მდგრადი საშუალო ფენაა.





