გაეროს შეფასებით, აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა 2027 წლიდან კვლავ მოიმატოს. ამის მიზეზი საერთაშორისო დაფინანსების შემცირება და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უკუსვლა შეიძლება გახდეს.

როგორც Reuters-ი წერს, გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამის (UNAIDS) ხელმძღვანელი ვინნი ბიანიმა აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აივ-ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი საფრთხის წინაშეა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, დაფინანსების შემცირებამ და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა ეს დადებითი ტენდენცია შეაჩეროს.

„ჩვენ შიდსის ეპიდემიის დასრულების ზღვარზე ვართ. ეს გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა, თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც ამ მიზნის მიღწევა უნდა დავასრულოთ, დაფინანსების შემცირება და ადამიანის უფლებების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ“, — განაცხადა ბიანიმამ Reuters-თან საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არსებობს, უკვე შეინიშნება ნიშნები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილებები 2027 წლის მონაცემებში აისახება.

UNAIDS-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში აივ-ინფექციის 1,2 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 1994 წლის ისტორიულ პიკს, როდესაც მსოფლიოში ინფიცირების 3,5 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

აღსანიშნავია, რომ დადებითი შედეგი მიღწეულია იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს აივ/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დაფინანსება თითქმის 20 პროცენტით შემცირდა.

ბიანიმას განმარტებით, დაფინანსების შემცირების შედეგები შესაძლოა უახლოეს პერიოდში გახდეს შესამჩნევი. ზოგიერთ ქვეყანას უჭირს საერთაშორისო დახმარების შემცირებით წარმოქმნილი ფინანსური დანაკლისის საკუთარი რესურსებით შევსება. ამის შედეგად იხურება პრევენციის ცენტრები და მცირდება სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობა.

UNAIDS-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. მისი თქმით, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონში ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება.

ფინანსური რესურსების შემცირების გარდა, ბიანიმა მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს იმ პოლიტიკურ პროცესებსაც, რომლებიც ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებსა და LGBTQ+ თემის უფლებებს უკავშირდება.

მისი შეფასებით, ამ მიმართულებით არსებული უკუსვლა აივ-ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

გაეროს მიზანია, 2030 წლისთვის აივ/შიდსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.

გაეროში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების ფონზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო თავად UNAIDS-საც, რომელიც უკვე 30 წელია აივ/შიდსთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობს.

ორგანიზაციას თანამშრომელთა დაახლოებით ნახევრის გათავისუფლება და დაახლოებით 30 ქვეყანაში საქმიანობის შეჩერება მოუწია.

გასულ თვეში ორგანიზაციის მმართველმა საბჭომ უარყო მისი სრულად გაუქმების გეგმა. თუმცა, როგორც ბიანიმამ განმარტა, ახლა ორგანიზაციის ზომის ეტაპობრივი შემცირება იგეგმება, ხოლო მისი ძირითადი საქმიანობა გაგრძელდება.