ქვეყანაში ავტოავარიების შემთხვევებისა და მათ შედეგად გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები შემცირებულია. თუმცა დაღუპულთა რაოდენობა მაინც მაღალი რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში ქვეყანაში 2048 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შარშან, იგივე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 4480 იყო.
დაშავებულთა რიცხვი 2025 წლის 9 თვის 6041-დან 2026 წლის იგივე პერიოდში 3252-მდე შემცირდა.
შემცირებულია დაღუპულთა რაოდენობა, თუმცა ეს კლება არ არის ავტოავარიების შემთხვევების კლების პროპორციული. კერძოდ, ავარიებმა წლის პირველ 9 თვეში 315 ადამიანი დაიღუპა, წინა წლის იგივე პერიოდში კი დაღუპულთა რიცხვი 345 იყო.
ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოყვანილია ექსპერტთა შეფასებები, რომლებიც ამბობენ, რომ დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების ძირითადი ნაწილი კვლავ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება. მათი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი საპრევენციო ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი - მაგალითად ქულათა სისტემის ვიდეო კამერებზე მიბმა, რათა სიჩქარის გადაჭარბებაზე აღსრულება უფრო ეფექტიანი გახდეს და ამ დარღვევაზე მხოლოდ ფულადი ჯარიმები არ მოქმედებდეს.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აღნიშნული მიმართულებით განვითარების რამდენიმეწლიანი სტრატეგია და გეგმა აქვს, რაც მოქალაქეებისთვს გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის. გეგმა არსებული დასაშვები სიჩაქარის დაწევას ითვალისწინებს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებსა და სასკოლო ზონებში. უწყებაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ასევე აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ახალი გამოწვევაა ე.წ სქროლებიც, რაზეც დამატებით რეკომენაციები არის შემუშავებული და მათ შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გეგმა ვიდეჯარიმების ქულათა სისტემაზე მიბმასაც ითვალისწინებს. საგზაო უსაფრთხოების ახლადდამტკიცებული სტრატეგიით გათვალისწინებული ცვლილებები 2030 წლამდე პერიოდში უნდა ამოქმედდეს.





