კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოში ამ ვირუსზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ახალ შტამს, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, NB.1.8.1 ეწოდება. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა.
როგორც პირველი არხის სიუჟეტშია აღნიშნული, ინფექციონისტების ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, ახალი შტამის სიმპტომები ომიკრონის ქვეშტამის მსგავსი უნდა იყოს. მათივე განცხადებით, მრავალი მუტაციის წყალობით კოვიდის ახალ შტამს შესაძლოა უჯრედების ინფიცირება უფრო აქტიურად შეეძლოს, ვიდრე წინა ვარიანტებს. თუმცა არ არსებობს მონაცემები, რომ მას რთული მიმდინარეობა ახასიათებს.
სიუჟეტის თანახმად, უცხოური მედიის ინფორმაციით, კოვიდის ეს სახეობა უფრო გადამდებია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ NB.1.8.1 უკვე დაახასიათა როგორც დაკვირვების ქვეშ მყოფი ვარიანტი, რადგან ის ბევრ ქვეყანაში ცირკულირებს და სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. კოვიდის ახალი შტამი მნიშვნელოვანი რაოდენობით ფიქსირდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, მათ შორის - ტურისტულად პოპულარულ ეგვიპტეში. ის უკვე გამოჩნდა ტაილანდსა და მალდივებზეც. ვირუსი ასევე გავრცელებულია აშშ-ში, ავსტრალიაში, ჩინეთსა და ჰონგ-კონგში. არის თუ არა რისკი რომ კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი საქართველოშიც გავრცელდეს, ამ კითხვით პირველმა არხმა ქართველ ინფექციონისტებს მიმართა. სპეციალისტები მოქალაქეებს, რომლებიც დასახელებულ ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავენ, მოუწოდებენ რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
ინფექციონისტები ამბობენ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელების რისკი დაბალია.
„ეს შტამი მძიმე მიმდინარეობას იშვიათად იწვევს და კლინიკური მიმდინარეობით სხვა შტამებისგან არ გამოირჩევა. უბრალოდ, ახასიათებს უფრო ადვილი გავრცელება. ადვილად გავრცელებადი შტამები კი შეიძლება გავრცელდეს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თუმცა არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მან რაიმე გავლენა მოახდინოს ეპიდსიტუაციაზე კოვიდის კუთხით. უბრალოდ, უნდა დავაკვირდეთ ამ შტამის განვითარებას და იმ რეკომენდაციებს მივყვეთ, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვაძლევენ,“ - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.