ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ის ვარიანტების ახალი ჯგუფი სახელწოდებით FliRT მთელი მსოფლიოს მასშტაბით დომინანტი გახდა.
LiRT არის ომიკრონის ოჯახის ქვევარიანტების ჯგუფი. სავარაუდოდ ისინი, წარმოიქმნა JN.1-ის ქვევარიანტიდან, უფრო კონკრეტულად, მისი განშტოება JN.1.11.1.-დან.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია მეტი მონაცემი იმის გასარკვევად, რამდენად სერიოზული და გადამდები შეიძლება იყოს ახალი ვარიანტები.
იზრდება თუ არა Covid-19-ის შემთხვევები მსოფლიოში? ჯანმოს ბოლო ანგარიშის თანახმად, მაისში შემთხვევების რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით შემცირდა.
ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მაგალითად ინგლისში მაისსა და ივნისში კოვიდ-დადებითი ანალიზების სტატისტიკა გაიზარდა. ასეთივე სურათია ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.
შემთხვევების რაოდენობა იზრდება აშშ-შიც. 22 ივნისის მონაცემებით, ერთი კვირის ჭრილში, დადებითი პასუხების სტატისტიკა 1,4%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება FliRT-ის ვარიანტების სიმპტომებს, ისინი ისეთივეა, როგორიც COVID-19-ის სხვა ტიპებისთვისაა დამახასიათებელი. ჯანმოს მონაცემებით, სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაინფიცირებიდან 5-6 დღეში და 1-დან 14 დღემდე გრძელდება.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი. შესაძლოა, აღინიშნოს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვა.
ეფექტიანია თუ არა არსებული ვაქცინები FliRT-ის ვარიანტების წინააღმდეგ? სპეციალისტების თქმით, დიდი ალბათობით, ვაქცინებმა ადამიანები კორონავირუსის ამ სახეობებისგანაც უნდა დაიცვას.
ამასთან, ევროკავშირისა და აშშ-ს პოზიციაა, რომ უნდა შეიქმნას ახალი ვაქცინები.