ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა შემთხვევები, როცა სადაზღვევო კომპანია არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას კონტრაქტით აქვს აღებული დაზღვეულის წინაშე.
ამის შესახებ დაზღვევის კავშირის გენერალურმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევაზე საუბრისას განაცხადა.
წამყვანმა მას მიმართა შეკითხვით: „რა არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ეს ზრდა არ არის ხელშესახები. იმიტომ ხომ არა, რომ მომხმარებელი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ვერ გრძნობს რეალურ შედეგს - კომპანიებს, თუ მომხმარებელი კარგად არ აერკვევა, რეალურად ყოველთვის შეუძლიათ თქვან, რომ, გარკვეულ სერვისებს არ დააფინანსებენ?“
ლაშა ნიკოლაძის თქმით, მსგავსი შემთხვევები უკვე იშვიათობაა.
„საკმაოდ იშვიათია და გაიშვიათებულია შემთხვევები, როცა ეკუთვნის და სადაზღვევო კომპანია არ აძლევს. თქვენ იცით, რომ რეგულატორმა დიდი ნაბიჯები გადადგა და თავად რეგულატორს აქვს შექმნილი მომხმარებელთა დაცვის სპეციალური სამსახური თავის სტრუქტურაში. ის ეფექტიანია და მუშაობს, სანამ ადვოკატთან გაიქცევა ადამიანი, მას უნდა მისწერონ და მიაკითხოს, ასევე არის კერძო სტრუქტურა - მედიაციის სამსახური. ამიტომ ასეთი ქეისები შემცირებულია. ყველაზე კარგი სამედიცინო დაზღვევაა ჯგუფური, რომელსაც სხვანაირად კორპორატიულს ვუწოდებთ ხოლმე. მაგრამ კორპორაციებისა და ჯგუფების რაოდენობა საქართველოში ბევრი არ არის. ამიტომ ადამიანს უწევს კერძო დაზღვევის ყიდვა, რომელიც საკმაოდ სუსტია. ინდივიდუალური დაზღვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც კი ძალიან სუსტია. მაგალითად, სიმსივნურ დაავადებებს პირველი 1 წლის განმავლობაში არ იხდის. ეს არის ბარიერი,“ - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.
შეგახსნენებთ: 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 70 139 მოქმედი პოლისია.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების რაოდენობა 61 ათასზე ნაკლები იყო.
ინდივიდუალური პოლისის თავისებურება და ნაკლი ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ მოქალაქე ამ პროდუქტს უკვე დამდგარი დიაგნოზის სამკურნალოდ არ ყიდულობს და მკურნალობის შემდეგ უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას მიმზიდველს არ ხდის.