მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საცალო სამედიცინო დაზღვევის ბაზარი გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად,  აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში მოქმედებდა

91 564  საცალო პოლისი, წლის დასაწყისიდან კი გაფორმდა 38 033.


წინა წლის იგივე პერიოდისთვის მოქმედი საცალო პოლისების რაოდენობა 70 156-ს შეადგენდა, წლის დასაწყისიდან გაფორმებული კი 25 099-ს. 
 
როგორც სადაზღვევო კომპანია „არდის“  გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, ეს ზრდა სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის შემოღებას უკავშირდება, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 


ჯაფარიძის თქმით, პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა სამედიცინო დაზღვევაზე მოვიდა, თუმცა სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო დაზღვევის საცალო მიმართულებაში ანუ ინდივიდუალური და არა კორპორატიული დაზღვევის ბაზარზე, როგორც ადრე ხდებოდა. მისი შეფასებით, ეს ბაზარზე ახალი ტრენდია და მისი განმაპირობებელია სავალდებულო დაზღვევის შემოღება უცხოელი ტურისტებისთვის.

„იმ ადამიანების ნაწილმა, რომლებიც საქართველოში შედარებით გრძელვადიანი პერიოდიდ ცხოვრობენ, იანვრიდან იყიდა არა გადაუდებელი სავალდებულო დაზღვევა, არამედ ჩვეულებრივი სადაზღვევო პაკეტები. ამ მცირე ინიციატივამაც კი, რომელიც თავისთავად არაა ძალიან დიდი, ბაზარს შედეგები მოუტანა,“ - აცხადებს ჯაფარიძე და ამასთან, ამბობს, რომ  აღსრულების ნაწილში მეტი სიცხადე უნდა იყოს, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობაზე სანქციები რეალურად აღსრულდება.


ამასთან, მისი თქმით,  ახალი რეგულაცია არ მოითხოვს ქართული კომპანიების პოლისების შეძენას და ამიტომ საქართველოს სადაზღვევო სექტორმა და შესაბამისად, ეკონომიკამ იმაზე ნაკლები სარგებელი მიიღო, ვიდრე შეეძლო მიღება, თუ ქართული სადაზღვევო კომპანიების პოლისები იქნებოდა მოთხოვნილი.