კორონავირუსის ახალი ვარიანტით, PJ.2.1-ით გამოწვეული სიმპტომები შესაძლოა გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების ნიშნებს ჰგავდეს. ამის შესახებ ჯანმო აცხადებს.
ორგანიზაციის სპეციალისტების განმარტებით, მხოლოდ სიმპტომების მიხედვით ინფექციის გამომწვევის ზუსტად დადგენა რთულია. შესაბამისად, იმის გასარკვევად, გამოწვეულია თუ არა დაავადება კორონავირუსის ახალი ვარიანტით, შესაძლოა საჭირო გახდეს ლაბორატორიული ტესტირება.
სპეციალისტების განმარტებით, გაციების, გრიპისა და COVID-19-ის სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ მხოლოდ კლინიკური ნიშნებით თვითდიაგნოსტიკა არასაიმედოა. ინფექციის დასადასტურებლად შესაბამისი ტესტირებაა საჭირო.
მათივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი დეკემბერში კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესახებ არსებულ მონაცემებს გააანალიზებს. შეფასება შეეხება მათ შორის კორონავირუსის ახალ ვარიანტს. დისკუსიების დასრულების შემდეგ ექსპერტები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ PJ.2.1პირველად კანადაში გამოვლინდა და მოგვიანებით რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. მისი გავრცელების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში ახალი შეშფოთება გამოიწვია. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ PJ.2.1-ს ACE2 რეცეპტორთან დაკავშირების გაძლიერებული უნარი აქვს. მკვლევრების მოსაზრებით, სწორედ ეს თვისება შეიძლება იყოს მისი სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. რაც შეეხება იმუნიტეტს, ახალი ვარიანტების შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია მათი უნარი, ნაწილობრივ გვერდი აუარონ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებულ ანტისხეულებს.





