2027 წელს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება  34,5 მლნ ლარით იზრდება და 159,0 მლნ ლარს შეადგენს. ეს, ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით 8 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი  უკვე წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 355 მილიონი ლარით. ამასთან, მთელი რიგი მიმართულებით იზრდება ხარჯების მოცულობა.  


მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 2 462,8 მლნ ლარი, რაც 2026 წლის გეგმას 242,9, ხოლო პროექტის პირველად ვარიანტს 117,6 მლნ ლარით აჭარბებს. მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 650,0 მლნ ლარს (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 100,0 მლნ ლარით). ხოლო იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 44,2 მლნ ლარით და 114,2 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასების ზრდა.