საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ამოქმედებულ ცვლილებებით, პაციენტებს თანხის დამატების გზით გარკვეული სერვისების გაუმჯობესების უფლება მიეცათ და ამ სერვისების ჩამონათვალი, შესაძლოა, გაფართოვდეს. საუბარია უფლებაზე, როდესაც პაციენტს შეუძლია მისთვის სასურველი სერვისი ან სახარჯი მასალა აირჩიოს და ამისთვს საყოველთაო ჯანდაცვის ერთჯერადად დატოვება და მკურნალობისა თუ ოპერაციის დანარჩენი ხარჯის დაფარვა თავად არ მოუწევს.
აღნიშნული ცვლილების შესახებ, რომელსაც სფეროს ექსპერტები და ექიმები დიდი ხანია ითხოვენ, საუბარია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ანგარიშშიც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია:
„სიახლე შეეხო სტაციონარულ სერვისებს, კერძოდ, ე.წ. „VIP მომსახურების“ ნაწილს. 2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2025 წლიდან შესაძლებელი გახდა პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის მექანიზმის დაშვება იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ირჩევს გაუმჯობესებულ პირობებს, კერძოდ, განსხვავებულ პალატას და/ან უფრო მაღალი ღირებულების სახარჯ მასალას. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია პაციენტებისთვის არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა ისე, რომ მათ არ მოუწიოთ პროგრამის დატოვება უფრო ხარისხიანი ან მათთვის სასურველი მომსახურების მისაღებად. პაციენტს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო დაფინანსებით გათვალისწინებული სტანდარტული სერვისით, ხოლო დამატებით გადაიხადოს მხოლოდ იმ განსხვავებული მომსახურების ან მასალის ღირებულება, რომელიც თავად აირჩია. ამასთან, განისაზღვრა მკაფიო რეგულაციები, რომლებიც არეგულირებს თანაგადახდის პირობებს, მათ შორის მომსახურების ლიმიტებსა და ფასების გამჭვირვალობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტის ინფორმირებულობას - მას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც სტანდარტული, ისე დამატებითი მომსახურების შესახებ და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნებაყოფლობით. საწყის ეტაპზე აღნიშნული მიდგომა ვრცელდება ძირითადად იმპლანტირებად მოწყობილობებზე (მაგ. სახსრების ჩანაცვლება), თუმცა მომავალში შესაძლებელია მისი გაფართოება სხვა კატეგორიებზეც. ამასთან, დაწესებულია მკაცრი კონტროლის მექანიზმები, რაც გამორიცხავს პაციენტისთვის ზედმეტი ფინანსური ტვირთის დაკისრებას და უზრუნველყოფს მისი უფლებების დაცვას.
საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს როგორც პაციენტის ინტერესების დაცვასა და არჩევანის შესაძლებლობის გაფართოებას, ისე პროგრამის ეფექტიანობის ზრდას. ამცირებს შემთხვევებს, როდესაც ბენეფიციარები სრულად ტოვებენ სახელმწიფო დაფინანსებას, უკეთესი სერვისის მიღების მიზნით,“ - წერია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში.





