სადაზღვევო სექტორისთვის მიმდინარე წლის 9 თვე საკმაოდ კარგი იყო და 15%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. შარშან 9 თვეში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%%-იანი ზრდა იყო. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა „ბიზნესინსაიდერ ჯორჯიასთან“ საუბარში განაცხადა. 


„ზოგადად რომ შევაფასოთ, კოვიდის შემდეგ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი საშუალოდ იზრდება 15%-ის ფარგლებში, რაც მაღალი ტემპია. ფინანსურად ყველა კომპანია მდგრადია. ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია და 26 ბროკერია,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. 

მისივე თქმით, მოზიდულ პრემიებში, დაზღვევის სახეობებს შორის ჯანმრთელობის დაზღვევაზე 40-41 % მოდიოდა, მიმდინარე წლის  9 თვეში კი ეს მაჩვენებელი 46%-ს ასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ბაზრის თითქმის ნახევარი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის.

„ბოლო წლებში მოსახლეობამ მეტად დაიჯერა, რომ ვისაც კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა აქვს, მისთვის მომსახურების ხარისხი იზრდება. თუმცა ფასებიც იზრდება და ამასთან დაკავშირებით ხშირადაა კითხვები. ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში კომპანიების მოგების მარჟა მაღალი არ არის. გაძვირება კი ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ ფასებს თავად ჰოსპიტლები და ლაბორატორიები ზრდიან. სადაზღვევო კომპანიაც იძულებულია, მიჰყვეს ამ პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრდება,“ - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა და ასევე განაცხადა, რომ მზარდია სიცოცხლის დაზღვევის სეგმენტი, რომელიც საბანკო პროდუქტებთანაა ასოცირებული. 


რაც შეეხება ქონების დაზღვევას, ონოფრშვილის თქმით, ეს ბაზარიც იზრდება, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა. 
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სამი კვარტლის ფინანსურ და სტატისტიკურ მონაცემებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.