მსოფლიო ბაზარზე ღვინის მოხმარება მცირდება, რაც უკვე გრძელვადიანი ტენდენციაა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ბოლო მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში 21 მილიარდამდე ლიტრი ღვინო დაილია, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის 3%-ით შემცირებული მონაცემია. რამდენიმე წლის ჭრილში კი, ვარდნა გაცილებით მაღალია. 2018 წლიდან დღემდე, ღვინის გლობალური მოხმარება დაახლოებით 14%-ით არის შემცირებული. 2025 წლის მაჩვენებელი კი, ამ ეტაპისთვის, ყველაზე დაბალია 1957 წლის შემდეგ. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, ღვინის მოხმარების მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებული იქნება, როდესაც 2026 წლის ჯამური მაჩვენებლები დაითვლება.
OIV-ის შეფასებით, კლების მიზეზი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. მათ შორისაა როგორც მომხმარებელთა ქცევის ცვლილება, ისე ეკონომიკური მდგომარეობა და ღვინის ბაზარზე არსებული გამოწვევები.
OIV-ის შეფასებით, კლების მიზეზი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. მათ შორისაა როგორც მომხმარებელთა ქცევის ცვლილება, ისე ეკონომიკური მდგომარეობა და ღვინის ბაზარზე არსებული გამოწვევები.
კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მომხმარებელთა ახალი თაობების განსხვავებული დამოკიდებულებაა ალკოჰოლური სასმელების მიმართ.
განვითარებულ და ტრადიციულ ღვინის ბაზრებზე იცვლება სოციალური ჩვევები, ცხოვრების წესი და სასმელების არჩევის პრინციპები. განსაკუთრებით შესამჩნევია მოხმარების შემცირება იმ ქვეყნებში, სადაც ღვინო ისტორიულად ყოველდღიური კვებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ეკონომიკური ფაქტორები ღვინის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ინფლაციამ, შემცირებულმა მსყიდველუნარიანობამ და მომხმარებელთა დაბალმა სამომხმარებლო ნდობამ ღვინოზე მოთხოვნა შეასუსტა.
ამას ემატება ღვინის შედარებით მაღალი საშუალო ფასები, რაც ნაწილობრივ წარმოების დაბალი მოცულობითა და ინფლაციის შედეგებით არის განპირობებული.
როგორც აღინიშნა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ალკოჰოლის მოხმარების გააზრებული შეზღუდვა ღვინის გლობალური მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდა თაობებში და წარმოადგენს არა მხოლოდ დროებით ტენდენციას, არამედ მომხმარებელთა ქცევის გრძელვადიან ცვლილებას.
ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ჯანსაღ ცხოვრების წესს, ფიზიკურ აქტივობას, დაბალანსებულ კვებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ამ ტენდენციის ნაწილია ალკოჰოლის მოხმარების შემცირებაც.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ცვლილება მილენიალებსა და Z თაობაში. მათთვის ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება სულ უფრო ნაკლებად არის ყოველდღიური სოციალური ცხოვრების აუცილებელი ნაწილი. მომხმარებელთა ნაწილი საერთოდ უარს ამბობს ალკოჰოლზე, ნაწილი კი ცდილობს, შეამციროს მისი მიღების სიხშირე და რაოდენობა.
ამ პროცესს ხელს უწყობს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც. საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება ალკოჰოლის შესაძლო გავლენის შესახებ ძილის ხარისხზე, წონაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ზოგად ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აღნიშნავს, რომ ალკოჰოლის მოხმარების ისეთი ფორმა არ არსებობს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სრულიად ურისკოა. შესაბამისად, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის ალკოჰოლის შეზღუდვა სულ უფრო მნიშვნელოვანი არჩევანი ხდება.
მნიშვნელოვანია ასევე სოციალური ტენდენცია, რომელსაც ხშირად Mindful Drinking-ს, ანუ გააზრებულ სმას უწოდებენ. ეს მიდგომა გულისხმობს არა აუცილებლად ალკოჰოლზე სრულ უარს, არამედ მის გააზრებულ და ზომიერ მოხმარებას. მაგალითად, მომხმარებლები ხშირად ირჩევენ უალკოჰოლო დღეებს, სადღესასწაულო შეკრებებზე ალკოჰოლის გარეშე ყოფნას ან ღვინის ნაცვლად უალკოჰოლო ალტერნატივებს.





