დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Novo Nordisk-მა განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დიაბეტის მსოფლიო ფონდს 200 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 
სააგენტოს ცნობით, დაფინანსება 2027 წლიდან დაიწყება და 2036 წლამდე გაგრძელდება. მისი მიზანია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ინიციატივა წინ უსწრებს დიაბეტის მსოფლიო დღეს, რომელიც 14 ნოემბერს აღინიშნება. 

Novo Nordisk-ის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 589 მილიონი ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს დიაბეტით. მათგან 80%-მდე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.

კომპანიის განცხადებით, ათწლიანი ფინანსური ვალდებულება დიაბეტის მსოფლიო ფონდს საშუალებას მისცემს, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმოს საქმიანობა, გააფართოვოს არსებული პარტნიორობები და გააძლიეროს დიაბეტის წინააღმდეგ მიმართული რეგიონული და საერთაშორისო პროგრამები.

დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის ინტეგრირება ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემებში, რათა სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული წვდომა აქვს.
დიაბეტის მსოფლიო ფონდის უკვე განხორციელებული პროექტები აჩვენებს, თუ რა შედეგების მიღწევა შეიძლება გრძელვადიანი საერთაშორისო თანამშრომლობით.

Novo Nordisk მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატებით. მის მიერ წარმოებული მედიკამენტები საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშიც შედის.

Novo Nordisk-ის მიერ World Diabetes Foundation-ისთვის გამოყოფილი 200 მილიონი დოლარი საერთაშორისო მასშტაბით დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსება ათწლიან პერიოდზეა გათვლილი, რაც ფონდს საშუალებას მისცემს, განახორციელოს არა მხოლოდ მოკლევადიანი დახმარების პროექტები, არამედ გააძლიეროს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემები და შექმნას დაავადების მართვის მდგრადი მოდელები.