პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს დაფინანსების ახალ მოდელში ჩართვის მიზნით, განცხადებების წარდგენის ვადა ხვალ ეწურებათ. განაცხადები მათ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში უნდა შეიტანონ.
განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიკლინიკები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ასოციაციის კლინიკების ქსელები ახალ პროგრამაში ჩასართავად მზად არიან.
მისივე განმარტებით, თუკი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება ვერ დარეგისტრირდება ახალი მოდელის ფარგლებში, ეს არ ნიშნავს, რომ მას საქმიანობა აეკრძალება, თუმცა მოუწევს დაფინანსების ძველ სისტემაში დარჩენა და ვერც გაფართოებულ სერვისებს მიაწვდის პაციენტებს.
მაია მახარაშვილს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმ დაწესებულების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც სააგენტოში განაცხადი შეიტანეს, თუმცა ამბობს, რომ ამბულატორიებისა და კლინიკების დიდ ნაწილს კრიტერიუმების დაკმაყოფილების პრობლემა არ შეექმნება.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კი საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც 50-მდე დაწესებულებაა ჩართული, რაც პოლიკლინიკების 28%-ია.
რეფორმის ფარგლებში შეიცვალა საბაზისო პაკეტი, გაიზარდა მისი მოცულობაც და ღირებულებაც, რასაც სახელმწიფო ამ დაწესებულებებს უხდის. რეფორმის მიზანია, ანაზღაურების ფიქსირებული, უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება კი განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს გულისხმობს.





