მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის ზრდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტადაა აღიარებული. ამაზე საუბრობენ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც. კერძო სექტორის აზრით კი, ფიზიკურ აქტივობაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვისთვის აუცილებელია, სხვადასხვა სერვისზე ფასები ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიზნით კი, სექტორის წარმომადგენლების თქმით, საჭიროა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საგადასახადო შეღავათების ამოქმედება, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევდა.
საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს შპს „სპორტისთვის“ დირექტორი ვასილ ლიპარტელიანი. აღნიშნული კომპანია სპორტულ ობიექტებს მართავს. როგორც ლიპარტელიანი ამბობს, სპორტული ობიექტებისთვის გარკვეული შეღავათების მინიჭება ჯამში მასობრივი სპორტის განვითარებას და ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის წილის ზრდას გამოიწვევს. ის რეალისტურად მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებმა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ახლანდელი მაჩვენებელი (იგულისხმება როგორც სპორტის სახეობები, ისე ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი სხვა ფორმა) ახლანდელი 15-17%-დან გასამმაგებულ მაჩვენებლამდე აიყვანოს.
ლიპარტელიანის შეფასებით, სხვა პრინციპებთან ერთად, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების დაწესებას ყველა სპორტული დაწესებულებისთვის. მაგალითად, თუ სპორტული ობიექტი კონტრაქტს გააფორმებს მწვრთნელთან და მას გამომუშავებაზე აიყვანს, მისი მომსახურება არ უნდა იბეგრებოდეს ისევე, როგორც ეს მცირე მეწარმეების შემთხვევაშია. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ვასილ ლიპარტელიანის განცხადებით, რადგან კომუნალური სერვისების მიმწოდებლები („ჯივიპი“, „თელმიკო“, „თბილიი ენერჯი“ და
სხვა) კერძო კომპანიები არიან, მათ ტარიფების შემცირებას ვერავინ დაავალდებულებს, თუმცა დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებულია სქემა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სპორტულ ობიექტს დღგ-დ ჩაუთვლის იმ თანხას, რასაც ისინი კომუნალურ გადასახადებში იხდიან.
„ჩვენი საქმიანობა უკავშირდება სფეროს, რომლის მიზანიც ადამიანების ჯანმრთელობაა. ეს კი არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს, არამედ სახელმწიფოს მომავალში თანხებს დაუზოგავს სხვადასხვა დაავადების მკურნალობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება წლიდან წლამდე
იზრდება და ეს თანხა მაინც არ იქნება საკმარისი, თუ მოსახლეობში ცხოვრების ჯანსაღი წესი არ დაინერგა და დაავადებების გართულებებს არ ავიცილებთ თავიდან. მოგეხსენებათ, თბილისის მერია ახორციელებს პროექტს, რომელიც პენსიონერებს ფიტნეს-დარბაზებსა და აუზზე სიარულს უფინანსებს. სპორტკომპლექს „არენაში“, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, პროექტით შარშან 250 უფროსი ასაკის წარმომადგენელი სარგებლობდა და ჩემთან საუბარში ბევრი მათგანი ამბობდა, რომ ვარჯიშის დაწყებიდან ორ თვეში პოლიკლინიკის მისამართიც კი დაავიწყდათ. ეს ადასტურებს, რამდენად შეუძლია ფიზიკურ აქტივობას თავიდან აგვაცილოს სამედიცინო პროცედურები. სახელმწიფოსთვის კი ეს მკურნალობაზე თანხების დაზოგვას ნიშნავს. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ეს ადამიანები სახლიდან გადიან, ხდებიან საზოგადოების აქტიური წევრები, ამყარებენ კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან, რაც მათ განწყობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მსგავსი პროექტი უფრო მასშტაბური უნდა იყოს და მასში მეტი სპორტული ობიექტი ჩაერთოს,“ - აღნიშნა ვასილ ლიპარტელიანმა ჟურნალთან „ბიზნესი და მენეჯმენტი“ საუბარში.
მისივე თქმით, ფიტნეს-კლუბების ბიზნესი ბოლო პერიოდში საკმაოდ განვითარდა და საინვესტიციოდაც მიმზიდველი გახდა. ამას ხელი შეუწყო კონკურენციის გაზრდამ, რისი შედეგიც ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გახდა: დღეს ფასები აღარაა „ელიტური“ და საშუალო შემოსავლის ადამიანებისთვისაც შესაძლებელი გახდა ამ მომსახურებით
სარგებლობა. თუმცა, ვასილ ლიპარტელიანის შეფასებით, ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება.
ჟურნალ "ბიზნესი და მენეჯმენტის" მასალების მიხედვით