საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების უცხოელი სტუდენტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.  ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყების განმარტებით, მიზანი  მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებაა. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ  საქართველოს კანონში ცვლილების მორიგი  პროექტი უკვე მზადაა და პარლამენტშია გადაგზავნილი. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებებით რამდენიმე პრობლემური საკითხი დარეგულირდება. მათ შორისაა უცხოელი სტუდენტების მიმართულება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან კონტინგენტს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეადგენენ.

დაგეგმილი ცვლილებებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში უცხოელი სტუდენტების მიღებისთვის წესდება დამატებითი პირობები, მათ შორის ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან უცხო ენის და სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. იმ შემთხვევაში კი, თუ სტუდენტი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით, მას ბინადრობის ნებართვა გაუუქმდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება  უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ იღებს.  უკვე ცნობილია რომ  მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის წესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტაც. ცვლილებების ფარგლებში იქმნება

ერთიანი საინფორმაციო სისტემა,  სადაც  საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის,  აღდგენის, მობილობის და სწავლის დასრულების  შესახებ ინფორმაცია განათავსოს.  იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამ წესს დაარღვევს,  მის  წინააღმდეგ  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგება,  სანქციის სახედ  კი შეიძლება გამოყენებული  იყოს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა ან უკიდურეს შემთხვევაში ავტორიზაციის გაუქმებაც კი.

ეს რეგულაციები განხილულ იქნა  რექტორთა საბჭოზე, რომელიც განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა. მასში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბჭოს წევრებს  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.


სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ირაკლი ნატროშვილის თქმით, უცხოელი სტუდენტების მიერ სტუდენტის სტატუსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები ხშირია.

„ბევრი სტუდენტი სარგებლობს სასწავლო ვიზით იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღოს ცხოვრების უფლება და ეს ძალიან ხშირად მათ მიერ ბოროტადაა გამოყენებული. სახელმწიფოს ვალდებულება და მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა ასეთი ადამიანებისგან მაქსიმალურად დაიცვას. ჩვენც, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მზად ვართ სახელმწიფოს გვერდით დავუდგეთ ყველა ინიციატივაში, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდაა მიმართული,“ - აღნიშნა ირაკლი ნატროშვილმა. 
ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლების მონაცემებით, საქართველოში 44 440 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
 
ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით სწავლობს და მათი რაოდენობა 39 033-ია, წინა წელს კი 33 854 იყო.

ასევე შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს ჭარბად იღებს, ამიტომ, მისივე თქმით, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება.


„დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ხდება რა – სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.