თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად, ქალაქში მდებარე "ავერსის კლინიკაც დაზიანდა, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. 

როგორც ავერსის კლინიკის დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე   "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, დაზიანებულია ფილიალის პირველ სართულზე და ეზოში განთავსებული სამედიცინო აპარატურა და ინფრასტრუქტურა. მისივე ინფორმაციით, თელავში "ავერსის" კლინიკა დაზღვეული არ იყო, ხოლო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ კიდევ დგინდება. ამ დროსთვის უცნობია როდის განაახლებს კლინიკა მუშაობას. 

"კერძოდ, დაზიანებულია ორი მაგნიტურ-რეზონანსული და ერთი კომპიუტერული ტომოგრაფი, ლაბორატორია, გენერატორი, ჩილერები, კლინიკის ელექტრო  ინფრასტრუქტურა -  გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სისტემები, კომპიუტერული ტექნიკა. ასევე  ავეჯი, პირველი სართულის რემონტი სრულად, ღობე და ა.შ. შესაბამისად, კლინიკა ამ მომენტში არ ფუნქციონირებს - სამედიცინო მომსახურების ყველა მიმართულება მთლიანად შეჩერდა.

ამჟამად, რა მოცულობის ზარალი მიიღო კლინიკამ, დგინდება - კლინიკა დაზღვეული არ იყო. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მივმართეთ. ვაცნობეთ, რომ სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება შევაჩერეთ. ადგილზე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.

ამასთან, საქართველოში ქონების დაზღვევის ტენდენციებზე "ბიზნესპარტნიორს" დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს, რომ აღნიშნული მიმართულებით პენეტრაცია ჯერ კიდევ დაბალია. რის გამოც, მიუხედავად თელავში სტიქიის მასშტაბისა, სადაზღვევო კომპანიებში ზარალის შესახებ შეტყობინებების დიდი რაოდენობა არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.

bp.ge