ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც განხილულია თამბაქოს მოხმარების ამჟამინდელი მდგომარეობა და ტენდენციები ევროპის რეგიონში. მასში აღნიშნულია, რომ  თამბაქო კვლავ თავიდან აცილებადი დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება. 
ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, რეგიონი კვლავ მუდმივი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ნიკოტინისა და თამბაქოს ახალი პროდუქტების, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების, სწრაფი გამოჩენა და მზარდი პოპულარობა, განსაკუთრებით მოზარდებში.

ანგარიშში მოცემულია ზრდასრულებსა და მოზარდებში თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების ანალიზი, მათ შორის სიგარეტის მოწევასთან, უკვამლო თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები. 


დოკუმენტში შეჯამებულია ტენდენციები, პროგრესი და პოლიტიკის განხორციელების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას და თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას მთელ რეგიონში.

„თამბაქოსთან დაკავშირებული თითოეული სტატისტიკური მონაცემების მიღმა მომავალი თაობაა, რომელიც საფრთხის წინაშე დგას. 

13-15 წლის მოზარდებში ელექტრონულ სიგარეტს 14.3% მოიხმარს – ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოზრდილებთან შედარებით, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ალბათობა თითქმის 3-ჯერ მაღალია, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები კი გოგონებში ფიქსირდება. 


29 ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება გოგონებში უტოლდება ან აღემატება ბიჭების მაჩვენებელს. 

იგივე ვითარებაა ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მხრივ 35 ქვეყანაში. 

თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგული ტაქტიკა – არომატები, მიმზიდველი შეფუთვა, სოციალურ მედიაში რეკლამირება, ახალ თაობას ნიკოტინზე დამოკიდებულს ხდის. 


ბავშვების დაცვა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისგან გადაუდებელი აუცილებლობაა 
ინდუსტრიის მიერ გამოყენებული თითოეული საკანონმდებლო ხარვეზი დამოკიდებულებისკენ მიმავალი კიდევ ერთი გზაა. 

მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკაცრ საკანონმდებლო ზომებს ამ გამოწვევის დაძლევა შეუძლია,“ - ნათქვამია დოკუმენტში.