ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFPMA) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილ შვიდ კანდიდატს ღია წერილით მიმართა.

მიმართვას ფედერაცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომავალ ხელმძღვანელებს მოუწოდეს, გადახედონ ჯანმოს ჩართულობას ინტელექტუალური საკუთრების, ტექნოლოგიების ტრანსფერის, ლიცენზირებისა და მედიკამენტების ფასების განსაზღვრის საკითხებში. ასოციაციის მოსაზრებით, ეს თემები ჯანმოს ძირითად მანდატს სცდება და შესაძლოა, კვლევებსა და განვითარებაში ინვესტირების სტიმულები შეასუსტოს.


IFPMA-მ აღნიშნა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა დაახლოებით 1 000 ახალი მედიკამენტი, ხოლო კიდევ 12 700-ზე მეტი მოლეკულა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება.

გლობალური ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დისკუსიის ფონზე ინოვაციების ტემპის შესანარჩუნებლად ასოციაციამ ჯანმოს საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებაზე კონცენტრირება შესთავაზა: ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, ინოვაციური გარემოს დაცვა, პარტნიორობის განვითარება და ეპიდზედამხედველობა.


ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციაში ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან, ორგანიზაციას საქმიანობის ადრეულ ეტაპზევე გაუზიარონ საკუთარი სამეცნიერო, მარეგულირებელი და საწარმოო მიმართულებების ექსპერტული ცოდნა.