Roche და სხვა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. მათი მიზანია არა მხოლოდ დაავადების პროგრესირების შენელება, არამედ მისი თავიდან აცილება მანამ, სანამ პირველი სიმპტომები გამოვლინდება.
თემაზე Swissinfo.ch წერს და აღნიშნავს, რომ ალცჰაიმერის დაავადება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება. მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს დემენციის ეს ფორმა, რომლის სრულად განკურნების საშუალებაც ამ ეტაპზე არ არსებობს.
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche ახალ პრეპარატზე, ტრონტინემაბზე (Trontinemab), მუშაობს. მისი მიზანია ტვინში დაგროვებული ამილოიდური ფოლაქების მოცილება, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან არის დაკავშირებული.
პრეპარატის მთავარი უპირატესობა სპეციალური ტექნოლოგიაა, რომელიც მას ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვასა და უშუალოდ ტვინში მოხვედრაში ეხმარება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ტვინის დამცავი ბარიერი მედიკამენტების ეფექტიანად მიწოდებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ადრეული კლინიკური კვლევების შედეგები იმედისმომცემია: მონაწილეთა უმრავლესობას მკურნალობის შედეგად ტვინში ამილოიდური ფოლაქების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად შეძლებს პრეპარატი დაავადების პროგრესირების რეალურად შეჩერებას.
Roche-ს კონკურენტები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Eli Lilly, Eisai და Biogen. მათი ნაწილი უკვე ფლობს ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც კლინიკურ კვლევებში კოგნიტიური გაუარესების ტემპის დაახლოებით 27-29%-ით შენელება შეძლო. მიუხედავად ამისა, არსებული მედიკამენტები დაავადებას ვერ კურნავს და მათ გამოყენებას გარკვეული რისკებიც ახლავს.

მეცნიერების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ალცჰაიმერის დაავადება შესაძლოა პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 15-20 წლით ადრე იწყებოდეს. შესაბამისად, როდესაც პაციენტს მეხსიერების პრობლემები უჩნდება, ტვინში დაზიანების მნიშვნელოვანი პროცესი უკვე გავლილია.
სწორედ ამიტომ Roche კვლევის ახალ მიმართულებას — დაავადების ადრეულ გამოვლენასა და პრევენციას — ავითარებს. კომპანია იწყებს Preventron-ის სახელწოდების კლინიკურ კვლევას, რომელშიც 55-დან 80 წლამდე ასაკის, ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკის მქონე, თუმცა ჯერ უსიმპტომო ადამიანები ჩაერთვებიან. კვლევამ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა პრეპარატს დაავადების დაწყების თავიდან აცილება ან მისი მნიშვნელოვნად გადავადება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლის ახალ ანალიზსაც, რომელიც pTau217 ცილის დონეს განსაზღვრავს. ეს ბიომარკერი ალცჰაიმერის ადრეული გამოვლენის საშუალებას იძლევა. Roche-სა და Eli Lilly-ს მიერ შემუშავებული ტესტის პასუხის მიღება დაახლოებით 18 წუთშია შესაძლებელი.
მიუხედავად მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროგრესისა, სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. ამილოიდური ფოლაქების მოცილება ყოველთვის არ ნიშნავს დაავადების შეჩერებას, რადგან ალცჰაიმერის განვითარებაში სხვა ცილები, გენეტიკური და ანთებითი პროცესებიც მონაწილეობს.
მეცნიერების მთავარი მიზანი ახლა დაავადების მკურნალობიდან მის პრევენციაზე გადასვლაა. თუ ახალი მედიკამენტები და ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდები ეფექტიანი აღმოჩნდება, შესაძლოა მომავალში ალცჰაიმერის გამოვლენა და მისი სიმპტომების განვითარებამდე მკურნალობა შესაძლებელი გახდეს. თუმცა ამ იმედის რეალობად ქცევას ჯერ კიდევ მრავალწლიანი კვლევები სჭირდება.





