თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის პირველ შედეგებს აჯამებს. პროგრამა მაისიდან ამოქმედდა და, მერიის ინფორმაციით, მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. მათივე მონაცემებით, პროგრამით უკვე 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ეს პროცედურა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა. თუმცა არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. პირი დედაქალაქში უნდა იყოს რეგისტრირებული და მისი ასაკი 45-დან 75 წლამდე უნდა იყოს. სკრინინგი სიგარეტის მომხმარებლებს ჩაუტარდებათ, რადგან ეს ფაქტორი პროგრამაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვინც თამბაქოს მოხმარებას თავი ბოლო 15 წელში დაანება.
არსებულ სტატისტიკით, ფილტვის კიბო, ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ეს დაავადება საქართველოში 1000-ზე მეტ პაციენტს უდგინდება. აქედან 85 პროცენტი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად დადგენილია, რომ ფილტვის კიბოს გაჩენის მთავარი მიზეზი სიგარეტის მოწევაა. დაავადებას ადრეულ სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ გააჩნია, ამიტომ მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ სკრინინგი და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიკვდილიანობის რიცხვს საგრძნობლად ამცირებს.
დედაქალაქის ახალ პროგრამაში 27 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შერჩეული კლინიკები თბილისის სხვადასხვა არეალში მდებარეობს.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე გამოყოფილი თანხის 60 პროცენტი უკვე ათვისებულია.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვიანობა დაბალია. განსაკუთრებით პრობლემურია ეს რეგიონებში. თბილისში კი, ტრადიციულად, სკრინინგს უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.





